სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი 18 სექტემბერს უკრაინაში ჩავიდა.
ვუჩიჩის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით ის მონაწილეობას მიიღებს „კარპატების ინტეგრაციის ინიციატივის“ შეხვედრაში „მნიშვნელოვან პროექტში, რომელიც გაფართოებული კარპატების რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული ურთიერთკავშირის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად“.
„ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებ, რომ მომავალშიც უზრუნველვყოთ სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენი მოქალაქეებისა და სერბეთისთვის“, - აღნიშნა მან.
ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ სერბეთს სატრანსპორტო კავშირების განვითარების კუთხით, განსაკუთრებით რუმინეთსა და უნგრეთთან, ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სატრანსპორტო კავშირების სფეროში, კერძოდ, რუმინეთთან და უნგრეთთან, ასევე უკრაინასა და პოლონეთთან, ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია -დაწყებული სარკინიგზო ხაზებითა და საავტომობილო გზებით, დამთავრებული უფრო ღია საზღვრებითა და სოფლის მეურნეობაში, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში, უფრო მჭიდრო თანამშრომლობით“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში მიმდინარე ღონისძიებაზე რუმინეთის პრეზიდენტ ნიკუშორ დანის ჩასვლასაც ელოდებიან.
რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სამიტის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაიმართება, მათ შორის - კარპატების ეკონომიკური ფორუმი, ახალგაზრდული ფორუმი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები, ასევე კულტურულ თანამშრომლობასა და ბუნების დაცვასთან დაკავშირებული შეხვედრები.
ინიციატივა მიზნად ისახავს იმ ქვეყნების წარმომადგენლების გაერთიანებას, რომელთა ტერიტორიაზეც კარპატების მთები მდებარეობს: ავსტრიის, ჩეხეთის, პოლონეთის, რუმინეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და უკრაინის, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლების, რომლებიც რეგიონულ თანამშრომლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
მაღალი დონის შეხვედრის ძირითადი მიზნებია კარპატების რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებისთვის ძალისხმევის კოორდინაცია, საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია, ასევე კარპატების რეგიონში ერთიანობის გაძლიერება.
უკრაინაში ვიზიტი ასევე დააანონსა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
მისი თქმით, უკრაინაში ის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდება, რათა რუსეთზე დაწესებული სანქციების საკითხი განიხილონ.