ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ეკონომიკური ზრდის ტემპის გამოსწორებამდე, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების დასაფინანსელად მთავრობას დამატებითი საკრედიტო რესურსის მოზიდვისგან თავის შეკავებას ურჩევს.
„2014 წლისათვის მნიშვნელოვანი საკრედიტო რესურსის მოზიდვა ხორციელდება ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების დასაფინანსელად. აღნიშნული გამოწვეულია ერთი მხრივ, ბიუჯეტში არსებული სოციალური ვალდებულებების ზრდით, ეკონომიკური ზრდის ტემპის
შენელებით გამოწვეული საგადასახადო შემოსავლების შემცირებით და მეორე
მხრივ 2014 წლისათის დასაფარი საგარეო ვალდებულებების რეფინანსირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპის გამოსწორებამდე და გარანტირებული საგადასახადო შემოსავლების მიღებამდე, სახელმწიფომ უარი უნდა თქვას სხვა დიდი მასშტაბის სოციალური ვალდებულებების აღებაზე და უნდა უზრუნველყოს ეკონომიკის სტიმულირებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ხოლო, აღნიშნულის ხარჯზე მიღებული ნამეტით, ეტაპობრივად უზრუნველყოს ახალი ვალდებულებების აღება"- აცხადებენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში.