ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესაძლო შეხვედრას და განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე, აშშ-მა ირანისთვის დაწესებული სანქციები უნდა მოხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეხვედრა "უბრალოდ ფოტომასალა იქნება".
ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როჰანის განცხადება მოჰყვა ბიარიცში, დონალდ ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, რომ იგი დათანხმდებოდა ირანის პრეზიდენთან შეხვედრას თუ საამისო "პირობები სწორი ან მართებული იქნებოდა".
თავის მხრივ ტრამპის ეს განცხადება, ბიარიცში, დიდი შვიდეულის სამიტზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზარიფის მოულოდნელ გამოჩენას მოჰყვა.
"აშშ-ის სანქციების პირობებში, ჩვენი ურთიერთობების ვერავითარ პოზიტიურ განვითარებას ვერ ვხედავთ", - თქვა როჰანიმ თავის სატელევიზიო გამოსვლაში და დასძინა, რომ "ახლა ვაშინგტონის გადასაწყვეტია, თუ რა მოხდება მომავალში".
"თუ ვინმე ლამობს, რომ ეს შეხვედრა, მხოლოდ როჰანისთან ფოტოს გადაღებისთვის გამართოს, ეს არ მოხდება", - თქვა ირანის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 25 აგვისტოს, ბიარიცში, დიდი შვიდეულის სამიტზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი მოულოდნელად ჩავიდა, სადაც მან მოლაპარაკებები თავის ფრანგ კოლეგასთან ჟან ივ ლე დრიანთან გამართა.
ზარიფის ბიარიცში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტირებისას დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას სურს ირანი გაძლიერდეს და მის ინტერესებში არ შედის ირანის რეჟიმის ცვლილება. ამასთანავე მან არ გამორიცხა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობა.
თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც დონალდ ტრამპის ინიციატივით, აშშ-ი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდა.
ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ გაამკაცრა სანქციები ირანის ხელისუფლების უმაღლესი პირების, მათ შორის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიმართ.