ENG / RUS       12+

რა არის დიდი შვიდეული

დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები 45-ედ შეიკრიბნენ სამიტზე, რომელსაც წელს საფრანგეთის საკურორტო ქალაქი ბიარიცი მასპინძლობს.

დიდი შვიდეულის სამიტი აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო ომის, ირანის ბირთვული შეთანხმების, ჰონკონგში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და ამაზონის ტყის ხანძრის ფონზე მიმდინარეობს.

სამიტი გუშინ, 24 აგვისტოს შეიკრიბა და 26 აგვისტომდე გასტანს.

რა არის G7 - დიდი შვიდეული?


დიდი შვიდეული არის შვიდი ქვეყნის არაფორმალური გაერთიანება, რომელიც ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს.

დიდი შვიდეულის ჯგუფი შვიდ მსოფლიოს წამყვან ეკონომიკურ ქვეყნებს აერთიანებს - კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.

ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა 6 სახელმწიფოსგან, რომელსაც ერთი წლის შემდეგ კანადაც შეუერთდა, იმ მიზნით, რომ მსოფლიოს მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნებს შესძლებოდათ ეკონომიკური პოლიტიკის განხილვა საერთო კეთილდღეობის მისაღწევად.

ევროკავშირი დიდი შვიდეულის მუშაობაში მონაწილეობას 1977 წლიდან.

დიდი შვიდეული 1998-2014 წლებში იწოდებოდა, როგორც დიდი რვიანი (G8), რადგან მისი წევრი რუსეთიც იყო. 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს დაატოვებინეს ჯგუფის შემადგენლობა. 
დიდი შვიდეულის ქვეყნები ერთად წარმოადგენენ მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ს და მსოფლიო მოსალეობის 10%-ს.

დიდი შვიდეულის სამიტს არ ჰყავს მუდმივმოქმედი აპარატი ან სამდივნო. სამიტის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას თავმჯდომარე ქვეყანა ახორციელებს, რომელიც ყოველწლიურად იცვლება.
თავმჯდომარე ქვეყანა უზრუნველყოფს ჯგუფის მუშაობისთვის საჭირო რესურსების შექმნას და ასახავს მის პრიორიტეტებს.

დიდი შვიდეულის თვითმყოფადობას საფუძვლად მისი საერთო ღირებულებები უდევს - დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, თავისუფალი ბაზრის პრინციპები და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ განიხილონ ყველა საკითხი, მაშინაც კი, როდესაც მათ მკევთრად განსხვავებული პოზიციები აქვთ.

დიდი შვიდეული სახელწოდებითა და ფუნქციებით დიდ ოცეულს (G20) წააგავს, რომელიც 1999 წელს დაფუძნდა. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, დიდი ოცეული მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ეკონომიკური ფორუმია.

დიდი ოცეული, აერთიანებს მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან და სწრაფად განვითარებად ქვეყნებს. ოცეულის წევრები არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა,რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. 

დიდი ოცეული მსოფლიოს შიდა პროდუქტის 85%-ს, მსოფლიო ვაჭრობის 80%-ს და მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ს მოიცავს.

ტრადიციულად, დიდი შვიდეულის სამიტზე გარდა წევრი ქვეყნებისა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც იკრიბებიან. გარდა ამისა, სამიტის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ სხვა ქვეყნებიც თამვჯდომარე ქვეყნის მიწვევით.

ყოველწიურად სამიტი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს, რომლებსაც ძირითადად გარემოსდაცვითი აქტივისტები მართავენ, რომელთაც სურთ, მსოფლიო ლიდერების ყურადღება მიაპყრონ მეტად მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, როგორიცაა მაგალითად კლიმატის ცვლილებები.

დიდი შვიდეულის სამიტი. ჰააგა, ნიდერლანდების სამეფო. 2014 წ.

არის თუ არა დიდი შვიდეულის საქმიანობა ეფექტური?

დიდ შვიდეულს და მის ყოველწლიურ სამიტებს კრიტიკოსებიც ჰყავს, რომლებიც ჯგუფს „ძველი პერიოდის არტეფაქტს" უწოდებენ. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია დიდი შვიდეულის მიერ მიღწეული რამდენიმე მნიშვნელოვანი წარმატება, მათ შორის, შიდსის, მალარიისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ შექმნილი გლობალური ფონდი, რომლის მუშაობამ 2002 წლიდან 27 მლნ ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

მის მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს პარიზის კლიმატური შეთანხმების გაფორმება, თუმცა ამ უკანასკნელის წარმატებით იმპლემენტაციას, შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლამ ჩრდილი მიაყენა.

რატომ არ არის ჩინეთი დიდი შვიდეულის წევრი?

ჩინეთი მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით პირველი ქვეყანაა, ხოლო მისი ეკონომიკა სიდიდით მეორეა. მიუხედავად ამისა, ერთ სულ მოსახლეზე კეთილდღეობის დაბალი მაჩვენებლის გამო, იგი არ ითვლება მოწინავე ეკონომიკად.

სამიტის დასასრულს, დიდი შვიდეულის ქვეყნები აქვეყნებენ ერთობლივ კომუნიკეს, სადაც ასახულია სამიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები, თუმცა ცნობილი გახდა, რომ წელს კომუნიკე არ გამოქვეყნდება, რაც უჩვეულო მოვლენაა.