არგენტინის დედაქალაქში „დიდი ოცეულის“ სამიტისთვის ემზადებიან, სადაც უკვე მსოფლიოს ლიდერები და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები იკრიბებიან.
ბუენოს-აირესში უკვე ჩავიდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, იაპონიის პრემიერ მინისტრი სინძო აბე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნანენდრა მოდი, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.
რა არის G-20 და ვინ არიან წევრები?
„დიდი ოცეული“ ( Group of Twenty, G-20) მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ფორუმია, რომელშიც ერთიანდება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე 19 ქვეყანა და ერთი გაერთიანება. ესენი არიან: ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, მექსიკა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. მეოცე წევრი ევროკავშირია, რომელიც სამიტზე ევროპის კომისიის და ევროპის ცენტრალური ბანკით არის წარმოდგენილი.
მთლიანობაში დიდ ოცეულში შემავალი ქვეყნები მოიცავს მსოფლიო ეკონომიკის 85 პროცენტს, მსოფლიო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს.
გარდა ამისა, ესპანეთი „დიდი ოცეულის“ მოწვეულ ქვეყანაა და ის 2008 წლიდან მუდმივად ესწრება „დიდი ოცეულის“ სამიტებს. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, მასპინძელი ქვეყნები დამატებით იწვევენ ქვეყნებს თავიანთი შეხედულებისამებრ.
გარდა მუდმივი წევრებისა, წლევანდელ სამიტზე მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული ქვეყნები და ორგანიზაციები - ესპანეთი, ჩილე, ნიდერლანდები და რეგიონალური ორგანიზაციების სახელით, სინგაპური (ASEAN), იამაიკა (CARICOM), რუანდა (აფრიკის კავშირი) და სენეგალი (NEPAD). ასევე, ინტერამერიკული განვითარების ბანკი და ლათინური ამერიკის განვითარების ბანკი.
რატომ არგენტინა?
არგენტინამ „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარეობა გერმანიისგან გადაიბარა, სადაც გასულ წელს ჩატარდა სამიტი. „დიდ ოცეულს“ არ გააჩნია ცენტრალური შტაბბინა და მუდმივი პერსონალი. ყველა საორგანიზაციო და ლოგისტიკურ ღონისძიებებს ყოველწლიური სამიტის ფარგლებში, ის ქვეყანა ახორციელებს, სადაც იკრიბებიან მსოფლიოს ლიდერები. ლიდერს ერთი წლის ვადით რეგიონულ ჯგუფებად დაყოფილ წევრ ქვეყნებს შორის როტაციის პრინციპით ირჩევენ.
რა საკითხებს განიხილავენ G-20-ის სამიტზე?
„დიდი ოცეულის“ სამიტი ფოკუსირებულია გლობალურ ეკონომიკურ საკითხებზე. ტრადიციულად სამიტის ფარგლებში განიხილება გლობალური ეკონომიკის, ფინანსური ბაზრის, საგადასახადო და ფისკალური პოლიტიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, დასაქმების, ენერგეტიკის, კლიმატური პირობებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები.
მიმდინარე საკითხზე ასევე აქტიურად იქნება განხილული შრომის ბაზარზე ქალების დასაქმების ხელშეწყობის, გლობალური ჯანდაცვის და ინკლუზიური მეწარმეობის შესახებ საკითხები. წელს, პირველად სამიტის ისტორიაში, დღის წესრიგში მოხვდა ბავშვის ადრეული განვითარების საკითხი.
წლევანდელი სამიტის თავმჯდომარე ქვეყანა არგენტინა კი განსაკუთრებულ ყურადღებას ინფრასტრუქტურის განვითარებასა და უსაფრთხო, ჯანსაღი საკვების მომავალზე გაამახვილებს.
„დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ორმხრივ მოლაპარაკებებს ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინინი გამართავენ.
აღსანიშნავია, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის უნდა შემდგარიყო, თუმცა ის ტრამპმა გააუქმა და მიზეზად ქერჩის სრუტეში მიმდინარე მოვლენები დაასახელა.
2019 წელს „დიდი ოცეულის“ სამიტი იაპონიაში, ხოლო 2020 წელს საუდის არაბეთში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყნები პირველად უმასპინძლებენ „დიდი ოცეულის“ სამიტს.