ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ევროპარლამენტში საქართველოზე გამართულ დისკუსიას გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ევროპარლამენტში გამართული მსგავი ტიპის მსჯელობა საქართველოს რეპუტაციისთვის ძალიან მძიმე მოვლენაა.
„იმის ნაცვლად, რომ გვესმოდეს რეკომენდაციების შესრულების რეფორმების მხარდაჭერასა და მონიტორინგზე საუბარი, მთავარი საკითხებია - სანქციები, ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების შეჩერება, ვიზალიბერალიზაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და სხვა მხოლოდ ნეგატიური აქცენტები.
ზუსტად იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენი მეგობრების დახმარება, ქართული ოცნების ანტიდასავლური ნაბიჯები და კონკრეტულად „რუსული კანონის“ ჯიუტად თავსმოხვევა არანაირად არ აძლევს ჩვენს პარტნიორებს საშუალებას იმოქმედონ ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივისთვის.
სრულიად მკაფიოა რომ ამ კანონის მიღება გამოიღებს უაღრესად ნეგატიურ შედეგებს ქვეყნისთვის, არამხოლოდ ინდივიდების სანქციების სახით არამედ იმ რეპუტაციული ზაინით რაც გავლენას ახდენს პოლიტიკაზეც, ეკონომიკაზეც და შესაბამისად ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
ნებისმიერი კონფრონტაცია დასავლეთთან მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია და ეს განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება ამ პერიოდში როდესაც უკრაინაში ომია და ევროპული უსაფრთხოებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ მხრივ საქართველოსთვის ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია და ამიტომაც ვხედავთ ასეთ მძაფრ პროტესტს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ჩვენ თანამოქალაქეებზე უკეთ, ამიტომ საქართველოს თავისუფლება და დემოკრატიული მომავალი ჩვენი საზოგადოების ხელშია და ამის რეალიზების საუკეთესო საშუალება არჩევნებში ცვლილებების მხარდაჭერაა.