უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა იმ კომპანიებსა და პირებს, რომლებიც რუსული ბალისტიკური რაკეტების წარმოებას უწყობენ ხელს და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს დრონების, სამხედრო ავიაციის, ჯავშანტექნიკისა და სარაკეტო შეიარაღების წარმოებისთვის საჭირო დანადგარებითა და კომპონენტებით ამარაგებენ.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სანქციების პირველ სიაში 51 ფიზიკური და 44 იურიდიული პირი მოხვდა. ისინი დაკავშირებული არიან რაკეტების - „ისკანდერის“, „კალიბრის“, Х-101-ისა და „კინჟალის“ წარმოებასა და მათთვის საჭირო კომპონენტების მიწოდებასთან.
მათ შორისაა პეტროვის სახელობის პლასტმასის ინსტიტუტი, სპეციალური დანიშნულების კოსმოსური სისტემების კორპორაცია „კომეტა“, „ვიტარეაქტივი“, „პრომენერგო“ და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სხვა საწარმოები.
სანქციების მეორე პაკეტი რუსეთის 32 მოქალაქესა და 35 კომპანიას ეხება. ისინი აწვდიან მაღალი სიზუსტის სამრეწველო დანადგარებს, ნედლეულსა და კომპონენტებს, რომლებიც რაკეტების, დრონების, ჯავშანტექნიკისა და სამხედრო ავიაციის წარმოებისთვის გამოიყენება.
სანქციები ასევე დაუწესდა ჯგუფ „რუსალის“ საწარმოებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მათი პროდუქცია რუსეთის შეიარაღების წარმოებაში გამოიყენება.
პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამ სანქციების კოორდინაციასა და მათ მიერ დაწესებულ შეზღუდვებთან სინქრონიზაციაზე იმუშავებს.