ჩვენი ევროპული დედაქალაქი არის თბილისი, სადაც ევროპული ფასეულობების დასაცავად ათასობით ადამიანია ქუჩაში გამოსული, - ამის შესახებ ბუდნესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა.
"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ამ დღეებში ევროპის დედაქალაქი არის არა ბრიუსელი, არა პარიზი, არა მადრიდი, არამედ თბილისი, სადაც ათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული, რათა დაიცვას არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ჩვენი ერთობლივი ევროპული ფასეულობები. ეს კანონი, რომელსაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი ეწოდება, შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იმსახურებს შანსს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი არა მთავრობის გამო, არამედ იმ ახალგაზრდების გამო, რომლებიც იცავენ ევროპულ ფასეულობებს და მე სრულად ვეთანხმები კანცლერ შოლცს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს კანონი საქართველოს არ სჭირდება.
გვიანდება, მაგრამ დრო კიდევ რჩება. მნიშვნელოვანია, ყველამ გაიგოს, რომ ჩვენი მთავარი გამაერთიანებელი არის საერთო ღირებულებები. ეს კანონი კი შეუთავსებელია ჩვენს ღირებულებებთან. ეს მხოლოდ ჩემი ან ჩემი პარტიის მოსაზრება არ არის, ასე თვლის ევროპაში ყველა, სწორედ ამიტომ გააკრიტიკა ყველამ ეს კანონპროექტი და სწორედ ამიტომ ვითხოვთ ამ კანონპროექტის გაწვევას. მე იმედი მაქვს, რომ თბილისში მიიღებენ ამ გზავნილს გვიანდება, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო," - განაცხადა როთიმ.