გავრილოვი და რუსი დეპუტატები სასტუმრო რედისონიდან, გაძლიერებული დაცვის თანხლებით გაიყვანეს. სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებსაც სასტუმრო „რედისონის“ ყველა შესასვლელი გადაკეტილი ჰქონდათ რუს დეპუტატებს კვერცხები ესროლეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.
რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიიდან სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან სხდომას გაუძღვა, რასაც დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის გამოსვლა გააპროტესტა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს.
მოგვიანებით, სხდომა შეწყდა და გავრილოვი დარბაზიდან გაიყვანეს. ოპოზიცია ითხოვს პასუხიმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღოს და თანამდებობდა დატოვოს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს, მსოფლიოსა და რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები.
რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობაში არიან სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენე კამინსკაია. 19 ივნისის ღონისძიებაზე სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოვიდა.
სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. გავრილოვის სიტყვით გამოსვლის დროს, პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა. მისი თქმით, მიუღებელია ასამბლეაში რუს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა.