აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას მინერალების შესახებ შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით, „არ მოაწერა ხელი საბოლოო დოკუმენტებს შეერთებულ შტატებთან იშვიათი მინერალების შესახებ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას“.
"დაგვიანებულია სულ მცირე სამი კვირა. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას დაუყოვნებლივ მოეწერება ხელი“, - დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ამ კვირის დასაწყისში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალსა და აშშ-ის სახაზინო მდივან სკოტ ბესენტს შორის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კიევსა და ვაშინგტონს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ხელმოწერისთვის მზად არ იყო.
პარალელურად, ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის „სამშვიდობო შეთანხმებაზე“ მუშაობა „შეუფერხებლად მიმდინარეობს“ და, მისი აზრით, წარმატება ახლოსაა.