უკრაინის დელეგაციამ ლონდონში მყოფ ამერიკულ დელეგაციას გადასცა პასუხი ტრამპის ადმინისტრაციის სამშვიდობო წინადადებებზე, კერძოდ, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები სჭირდება და თუ ამერიკა უცხოური ჯარების კონტინგენტის ფარგლებში სამხედროებს არ გაგზავნის, მან მნიშვნელოვანი დახმარება უნდა გაუწიოს ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე უსაფრთხოების გარანტიების ინფრასტრუქტურის შექმნაში. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, თუ რა უსაფრთხოების გარანტიებს ელის დონალდ ტრამპისგან, თუ ამერიკის პრეზიდენტი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას გამორიცხავს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის პოზიცია ნატო-ს მიმართ მოკავშირეთა მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
„თუ ნატო-ს ყველა წევრის მხარდაჭერა იქნება, მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ იმ ეტაპზე, თუ რას ეთანხმებიან და რას არ ეთანხმებიან პარტნიორები.“
„დღეს, ჩემი აზრით, ჩვენ პრაგმატულები უნდა ვიყოთ და უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც უკრაინას სჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, 23 აპრილს ლონდონში გამართულ შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იყო შეერთებული შტატების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები.
„ჩვენ გვინდა, რომ ძლიერი გარანტიები გვქონდეს, სულ მცირე, ისეთივე ძლიერი, როგორც ისრაელის სახელმწიფოს აქვს. ასევე, ჩვენ ველოდებით კონტიგენტს ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან. ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიების ინფრასტრუქტურაზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, წინადადებები ეხება უსაფრთხოების გარანტიების საკითხს, კერძოდ, უკრაინის ნატო-ში წევრობის ალტერნატივას.
„როგორც ვთქვი, იქ აბსოლუტურად კონსტრუქციული წინადადებებია, როგორც მეხუთე შესწორების [კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლი] კონტინგენტი, ასევე ფორმატი.
არა თავად მეხუთე შესწორება, არამედ კონკრეტულად ის ძალები და ისეთი დაცვა, რომელსაც მეხუთე შესწორება ითვალისწინებს ნატო-ს ქვეყნებში“, - თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა ამერიკული მხარის რეაქციას ელოდება.