უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „სუსტი და დამარცხებული რუსეთი არასასურველია“ და შესაბამისად, მიაჩნია, რომ ჩინეთს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების სურვილი არ გააჩნია.
„რა თქმა უნდა, ჩინეთი ძლიერი ქვეყანაა, ძლიერი ეკონომიკა აქვს და ჩვენს შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის გავლენაა, რომელიც ჩინეთს ნამდვილად აქვს რუსეთზე, პირადად პუტინზე. მაგრამ ჩინელი ხალხის, ისტორიისა და კულტურის მიმართ მთელი პატივისცემით, გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ვერ ვხედავ, რომ ჩინეთისთვის ამ ომის დასრულება სასარგებელო იყოს. რატომ? იმიტომ, რომ, მგონი, წავიკითხეთ... აშშ-ის ახალი [უსაფრთხოების] დოქტრინა... ეს ორი დიდი ზესახელმწიფოა, დიდი ეკონომიკები და ეს დიდი დაპირისპირებაა.
ეს არ ნიშნავს, რომ ეს ომია; შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის დაპირისპირება, დიპლომატიური თუ ეკონომიკური - ეს ხდება. და დღეს, ამ ფორმატში სუსტი და დამარცხებული რუსეთი ჩინეთისთვის ხელსაყრელი არ არის. და ამის გამო, გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინელი ხალხი იტანჯება“, - თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ზელენსკიმ დასძინა, რომ თუ „რუსეთის შეჩერება ჩინეთის ინტერესებში არ შედის, ეს ნიშნავს, რომ ომი გაგრძელდება“.
„ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთი პირდაპირ უჭერს მხარს რუსეთს იარაღით, მაგრამ ის ნამდვილად არ უჭერს მხარს ამ ომის დასრულებას. გარდა ამისა, ჩვენი სადაზვერვო სამსახურებიდან არსებობს სხვადასხვა ინფორმაცია ჩინეთიდან რუსეთში ჩარხებისა და სხვა ნივთების მიწოდების შესახებ, მაგრამ მე არ ვარ ინფორმირებული იარაღის პირდაპირ მიწოდებასთან დაკავშირებით“, - თქვა ზელენსკიმ.