ონლაინგამოცემების "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 100 დღე გავიდა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმაურება და წერს, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა.
"მზია ამაღლობელის საქმეში „დაზარალებულ” პოლიციელებს მხარდამჭერად ცრუ მოწმეები და გაყალბებული ვიდეომასალა მოჰყავთ.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, საზოგადოებას დაუკარგოს რწმენა საერთო კეთილდღეობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის მიმართ.
საზოგადოება იდგება სიმართლის მხარეს, ისევე, როგორც მზია ამაღლობელი, რომელმაც, როგორც ჟურნალისტმა, სიმართლის ძიება და მისი გახმოვანება პროფესიად და ცხოვრების წესად აირჩია“- ნათქვამია მედიაკოალიციის განცხადებაში.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება წაუყენეს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფოტო: რადიო თავისუფლება