Რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ, ვატიკანი, ვიდრე ახალი პაპის არჩევამდე, Sede Vacante-ს (ადგილი ვაკანტურია) პერიოდში იმყოფება.
ამ პერიოდის განმავლობაში, კარდინალთა კოლეგიის წევრი კარდინალები, რომელთაც ჯერ არ მიუღწევიათ 80 წლის ასაკამდე, მიქალანჯელოს მიერ მოხატულ სიქსტის კაპელაში შეიკრიბებიან, რათა საიდუმლო კონკლავზე აირჩიონ რომის კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაური.
აწ განსვენებულმა რომის პაპმა ფრანცისკემ, რომელიც ფილტვების ქრონიკული დაავადებით იტანჯებოდა, ხუთი კვირა გაატარა საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც თებერვალში რესპირატორული კრიზისის გამო მიიყვანეს, რომელიც ორმაგ პნევმონიაში გადაიზარდა.
ვატიკანის ინფორმაციით, 88 წლის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა ინსულტით, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა.
ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ იქნება შემდეგი პაპი, თუმცა დასავლურ მედიაში მოიაზრებენ პაპობის ყველაზე რეალურ რამდენიმე კანდიდატს.
პიეტრო პაროლინი (იტალია, 70 წლის)
ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, გამოცდილი დიპლომატი, ვატიკანში გავლენიანი ფიგურა და აწ განსვენებული პაპის ახლო მოკავშირე.
Მატეო ზუპი (იტალია, 69 წლის)
ბოლონიის არქიეპისკოპოსი და იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტი, ზუპი ცნობილია თავისი პროგრესული შეხედულებებით და მშვიდობის დამყარების მცდელობებით, მათ შორის უკრაინაში .
ის იყო პაპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის ომის საკითხებში, მოგზაურობდა კიევში, მოსკოვში, პეკინსა და ვაშინგტონში.
ჯერ კიდევ 1992 წელს, მან ხელი შეუწყო მოზამბიკში სამოქალაქო ომის დასრულებას, შუამავლობდა რა რომში ორწლიან სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
ხოსე ტოლენტინო დე მენდონჩა (პორტუგალია, 59 წლის)
კიდევ ერთი სავარაუდო კანდიდატია ვატიკანის კურიის კულტურისა და განათლების დიკასტერიის პრეფექტი.
პორტუგალიელი კარდინალი ასევე არის რწმენის მოძღვრების დიკასტერიისა და ღვთიური თაყვანისცემის დიკასტერიის წევრი.
გამოქვეყნებული აქვს ლექსებისა და სულიერი თხზულების მრავალი კრებული.
პიტერ ერდო (უნგრეთი, 72 წლის)
ბოლო კონკლავზე კარდინალი ერდო პაპობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდა.
წარსულში ის იყო ევროპის ეპისკოპოსთა კონფერენციების საბჭოს პრეზიდენტი.
კრისტობალ ლოპეს რომერო (ესპანეთი, 72 წლის)
ესპანელი კარდინალი 2003 წლიდან რაბათის არქიეპისკოპოსია და ცხოვრობს მაროკოში. Მანამდე ის ლათინურ ამერიკაში, ყველაზე დიდხანს კი პარაგვაიში ეწეოდა სასულიერო მოღვაწეობას.
პიერბატისტა პიცაბალა (იტალია, 59 წლის)
იერუსალიმის ლათინური საპატრიარქოს საჭეთმპყრობელი ორი წლის წინ პაპმა ფრანცისკემ კარდინალად დანიშნა. ის მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ახლო აღმოსავლეთში, ცნობილია თავისი ჰუმანიტაურილი საქმიანობით. გასული წლის შობას მან წირვა აღავლინა ღაზის სექტორში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში.
ლუის ანტონიო ტაგლე (ფილიპინები, 67 წლის)
ფილიპინელი კარდინალი, რომელიც ცნობილია თავისი სოციალური პროგრესულობით და ფართო პოპულარობით როგორც დასავლეთში, ასევე გლობალურ სამხრეთში.
იგი იყო პაპ ფრანცისკეს ახლო მოკავშირე და მისი იდეების მხურვალე მხარდამჭერი. ხშირად მას "აზიელ ფრანცისკეს" უწოდებდნენ.
ვინ ირჩევს ახალ პაპს?
კარდინალთა კოლეგია, რომელიც კონკლავზე შეიკრიბება. კონკლავზე დასწრება მხოლოდ 80 წლამდე ასაკის კარდინალებს შეუძლიათ. დღეის მდგომარეობით 252 კარდინალია, მათგან 137 არის 80 წლამდე.