_ გაიხსნა თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირზე საკნების გარკვეული რაოდენობა აიღეს. ხედავთ თუ არა ამაში რაიმე ტენდენციას და ნიშნავს თუ არა ეს მომავალში რუსთაველის გზის მთლიანად გახსნას?
_ არ ვარ ჩახედული ოპოზიციის შიდა სამზარეულოში და ვერ გეტყვით, ზუსტად რა გადაწყვეტილებები მიიღება, ანუ რატომ აიღეს საკნები, ან მომავალში გაიხსნება თუ არა რუსთაველის ქუჩა. თუმცა საპროტესტო პროცესი ისე რომ ვერ მიდის, როგორც მანამდე იყო დაგეგმილი, ფაქტია. ტენდენციები, როგორც არ უნდა განვითარდეს, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიას საყრდენ წერტილად მაინც შეინარჩუნებს.
_ რუსთაველის პროსპექტის ერთი ნაწილიდან საკნების აღება ოპოზიციის ლიდერებმა უბრალო ოპტიმალიზაციად შეაფასეს, რომელიც პარტია "თავისუფლების" მიერ საკნების დატოვების შედეგად გახდა საჭირო. თქვენი აზრით, ოპოზიცია ისეთი სახით, როგორიც დღეს არის წარმოდგენილი, შეძლებს თავისი გეგმის განხორციელებას?
_ პოლიტიკური კლიმატი შეიცვალა და აქედან გამომდინარე, არა მგონია, იმავე სახით გაგრძელდეს ოპოზიციის სამომავლო ქმედებები. თუმცა, ყოველგვარი მატობა-ნაკლებობის გარეშეც აქციები გაგრძელდება. რადგან მათი შეწყვეტა გამოიწვევს ოპოზიციისთვის ელექტორატის დაკარგას.
_ ზაფხულის დადგომასთან ერთად პოლიტაქტიურობა იკლებს. ოპოზიცია დაშლას არ აპირებს და მერიაში აქციების თარიღის გაგრძელების თაობაზე პერმანენტულად შეაქვს განაცხადი. როგორ ფიქრობთ, ზაფხულში ხალხი გამოვა ქუჩაში?
_ თუ ხალხი შეინარჩუნებს ოპოზიციის მიმართ რწმენას, მაშინ მიტინგებზე ხალხის ნაკლებობა არ იქნება, რადგან მოთხოვნები, რომელზედაც მოსახლეობა მანამდე იდგა, არ იცვლება. ერთადერთი გამსაზღვრელი ფაქტორი ლიდერებისადმი განწყობა რჩება.
_ მაგრამ მაინც, ზაფხულში ხალხის ნაწილი ქალაქგარეთ გადის, ანუ ამდენი ადამიანი ვეღარ იდგება აქციებზე. იმოქმედებს თუ არა ეს გარემოება ზოგადად აქციების ბედზე?
_ რა თქმა უნდა, თბილისში ზაფხულის განმავლობაში ადამიანთა რაოდენობა შემცირდება, მაგრამ იმდენად დიდი იყო საპროტესტო ტალრა, რომ ამას რაიმე არსებითი ცვლილების სახე არ ექნება.
_ როგორ შეაფასებდით აქციების თარიღის გაგრძელებას, ამან მოსახლეობაში ერთგვარი იმედგაცრუება ხომ არ შეიძლება გამოიწვიოს? რადგან ამით სულ უფრო ბუნდოვანი ხდება საბოლოო მიზნის მიღწევის კონკრეტული ვადები.
_ ჩემი აზრით, ვადების დასახელება იყო ოპოზიციის ერთ-ერთი შეცდომა. რადგან მათ გააჩინეს კონკრეტულ თარიღებზე საზოგადოების ორიენტაცია. ეს ნერვების ბრძოლას ჰგავს, რომელსაც დიდი დრო სჭირდება და არა თარიღების დასახელება.
_ ოპოზიციას უკვე ნაწილობრივ გაემიჯნა "ეროვნული ფორუმი" და პარტია "თავისუფლება", აგრეთვე აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება ორგანიზაციასთან "ალიანსი საქართველოსთვის". ნიშნავს თუ არა ეს ოპოზიციის ერთიანობის დაშლას?
_ ოპოზიციის ერთიანობა, იმ გაგებით, რომლითაც ახლა ვხმარობთ, არ ნიშნავს ერთნაირი მიმართულებით მოძრაობას. გზები შეიძლება, რომ ყველას სხვადასხვა ჰქონდეს, მაგრამ მიზნისკენ ისინი ერთად მიდიან.
_ მომავალში კიდევ შეიძლება ვიხილოთ რომელიმე ძალა, რომელიც დამოუკიდებელ გზას აირჩევს, თუმცა შინაარსობრივად ისევ ოპოზიციასთან დარჩება?
_ ჩემი აზრით, ეს მრავალფეროვნება სამომავლოდ უფრო გაიზრდება.
_ ექსპერტებმა ადრე განაცხადეს, რომ ოპოზიცია ვეღარ შეკრებს ხალხის იმ რაოდენობას, რომელიც 26 მაისს ეროვნულ სტადიონზე იყო. რამდენად სწორია ეს მოსაზრება?
_ ეს განცხადებები თუ სოციოლოგიურ კვლევებს ეყრდნობა, ალბათ, სამართლიანია. მაგრამ ამის თქმა მხოლოდ ცნობადი ფრაზის დონეზე, არასერიოზულია. ჩვენ გვახსოვს, რომ ადრეც საუბრობდნენ, ხალხი ქუჩაში არ გამოვაო, მაგრამ 2007 წელს და დღესაც დავინახეთ უამრავი ადამიანი, რომელიც აქციებში იღებს მონაწილეობას. მე მუდამ მეშინოდა ასეთი წინასწარი განცხადებების გაკეთების, თუმცა უფრო თამამ ექსპერტებს შეუძლიათ გამოთქვან ვარაუდები.
_ ოპოზიცია ადრე არ თანხმდებოდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს, თუმცა ზაფხულში თუ მოიკლო ხალხის პოლიტაქტიურობამ და მიტინგებზე ვეღარ შეგროვდა ადამიანთა საჭირო რაოდენობა, შეიძლება ვივარაუდოთ მომავალში ამგვარი შეხვედრის ჩატარება?
_ მიტინგებზე თუ ხალხის რაოდენობა შემცირდება, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია ამ მოტივით წავა მოლაპარაკებებზე. რადგან, თვითონ ხელისუფლება არ ისურვებს სუსტ ძალასთან საუბარს.
_ დაბოლოს, როგორ წარმოგიდგენიათ, აქციები სადამდე გასტანს?
_ ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე, რადგან ის წყვეტს ყველაფერს და არა რომელიმე ძალა. თუმცა თუ მაინც მიდგება საქმე შეწყვეტაზე, მაშინ აუცილებლად უნდა დასახელდეს ზუსტი მიზეზი. სხვა შემთხვევაში ისინი დაკარგავენ მოსახლეობის მხარდეჭერას.
ესაუბრა გიორგი რაზმაძე, "ჯი-ეიჩ-ენი"
მასალის გამოყენების პირობები