განრისხებულები ვართ იმით, რისი დაწერაც გაბედა ცესკომ. ეს შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კოალიცია არ აპირებს, რომ "ვინმეს გაატანოს ეს არჩევნები".
„ჩვენ ვართ განრისხებული იმით, რისი წარმოდგენა და დაწერაც გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისია. შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს ცოტა ხნის წინ, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საყოველთაო დაშინების, გაყალბების, მოსყიდვის ფონზე მიღებული ეს ციფრები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ისტორიულ და დღევანდელ არჩევანს. კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ ყოველსაათობრივად, ახლაც, იბრძვის თითოეული ხმის დასაცავად. ჩვენ ვიყენებთ ყველა საშუალებას, სამართლებრივს და არასამართლებრივს, ყველა კანონიერ საშუალებას, რათა დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული და ევროპული არჩევანი. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ის ფანჯარაა, რომელიც ახლა არის ღია ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ვაფასებთ საქართველოს მოქალაქეების იმ ჯაფას, რომელიც გასწიეს საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისთვის. არ ვაპირებთ, ვინმეს გავატანოთ ეს არჩევანი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.