ნუ ვიტყვით, რომ გახარია საერთოდ არ არის პროცესებში ჩართული. ჩვენ გვქონია შეხვედრები, სადაც მისი წარმომადგენლები ყოფილან, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილთანაც, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს.
ჯაფარიძის თქმით, უკეთეი იქნება, თუ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ყველა შეხვედრაზე თვითონაც პერსონალურად იყოს ჩართული.
„უკეთესი იქნებოდა, რომ ყველა შეხვედრაზე იყოს, მათ შორის, თვითონ იყოს პერსონალურად ჩართული, ერთობის ნაბიჯების კრიტიკით კი არ იყოს დაკავებული, არამედ მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში.
ყველა გადაწყვეტილება შეიძლება მეც არ მომწონდეს, მაგრამ ამბავი ისაა, რომ კონსენსუსით მივიდეთ მართლა ერთობლივ გადაწყვეტილებამდე.
ხალხს რომ ვეუბნებით, “კოალიციური მთავრობა იქნება”, ეგ ასე ხდება, კონსენსუსებით სიარულით.
ის, რომ ამ არჩევნებს არ აღიარებს ლეგიტიმურად, არის ცალსახა. რომ აპირებს ბრძოლას ბოლომდე - ეგეც ცალსახაა.
მათ შორის, ფანტასტიური მასალა ჰქონდათ, როგორ გამოავლინეს ნათესაური კავშირები მთელ საარჩევნო სისტემაში, შესაძლოა ძველი კავშირების დახმარებით.
თუ ამ ეთერს უყურებს, ვეტყვი: რაღაცები თუ არ მოსწონს როგორ კეთდება, მაგის ერთადერთი დაზღვევის გზაა, რომ ჩართული იყოს ამ ამბებში, რაღაცებზე თქვას როგორ ჰგონია სწორი, როგორ წარმოუდგენია გაკეთება და სხვა ტიპის კონსენსუსამდე მივალთ, სამი კი არა, ოთხი ჯგუფი იქნება.
საკუთარი განსხვავებულობის წარმოჩენაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ერთიანობის დემონსტრირება. თუ ჩვენ ვამბობთ, და მისი ხალხიც ამბობს, რომ რუსები გვაზიან თავზე, რუსეთმა მოიპარა ქართველი ხალხის არჩევანი, რუსეთმა მოიპარა ქართველების ევროპული მომავალი, ეს არ უნდა შერჩეთ, გამოვგლიჯოთ და დავუბრუნოთ ეს ქვეყანა სწორი, ბუნებრივი განვითარების გზას, თუ ამაში ერთნი ვართ, მაშინ: “რუსებს ვეომებით, მაგრამ მე ცალკე აკოფში ჩავჯდები და ჩემი ტყვიამფრქვევით დავიწყებ სროლას, იმიტომ, რომ თქვენი სტრატეგია არ მომწონს” - ეგრე არ გამოვა, ეს არის ერთიანი ბრძოლა, ერთიანი ამბავია, როგორი დისკომფორტიც არ უნდა არსებობდეს.
ჩემი მხარდამჭერებისთვისაც არ არის კომფორტის ზონა, მე რომ გახარიასთან ერთად დამინახონ, როგორც მათთვის, გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ თუ გვესმის, რა მასშტაბის და რა სიდიდის ბრძოლაში ვართ შესული, რა ფსონებია და რა დევს ახლა სასწორზე…
მე შემიძლია ყოველდღე განსხვავებული რაღაც ვაკეთო, რაც აქამდე მიკეთებია, ყველას კრიტიკაც შემიძლია, მაგრამ არ მიკეთებია ბოლო 2 წელია, რადგან მესმის, რომ ეგ არ არის ახლა მნიშვნელოვანი. ისეთი რამე დევს სასწორზე, ჩემი განსხვავებულობით ვერ დავკავდები.
ახლა ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დაინახონ, რომ ყველა ერთად ვართ, ყველას ერთად მოგვცეს ხმები, ყველამ ერთად მოვიგეთ.”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.