ბალტიის ზღვაში, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსულ სავაჭრო გემ Sparta II-ზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად გემი დაზიანდა და ბორტზე ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფინეთის თავდაცვის ძალებმა 21 ნოემბრის დილით, საერთაშორისო წყლებში, კუნძულ სუურსაარის დასავლეთით, რუსულ სავაჭრო გემზე დრონებით თავდასხმა დააფიქსირეს.
ფინეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, დაზიანებულ გემს ცეცხლი გაუჩნდა და მან საერთაშორისო წყლებიდან ფინეთის ტერიტორიულ წყლებში გადაინაცვლა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო დანაყოფები მივიდნენ.
მოგვიანებით, გემი ფინეთის ტერიტორიულ წყლებში სამხრეთ ლოვიისას მახლობლად გაჩერდა. ფინეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, სხვა გემებისთვის საფრთხე არ არსებობდა და შემთხვევის ადგილზე გარემოს დაბინძურება არ დაფიქსირებულა. ეკიპაჟს გემი იძულებით არ დაუტოვებია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მისი ევაკუაციისთვის მზადყოფნა იყო გამოცხადებული.
რუსეთის ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, გემს ორი დრონი დაესხა თავს. მისი ინფორმაციით, თავდასხმა რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით სამ საზღვაო მილში მოხდა. გემი სანქტ-პეტერბურგიდან რუსეთის კალინინგრადის ოლქისკენ მიემართებოდა.
გემი Sparta II ეკუთვნის რუსულ კომპანია „ობორონლოგისტიკას“, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ ლოჯისტიკურ მომსახურებას ახორციელებს. გემი აშშ-ისა და უკრაინის სანქციების ქვეშაა. მას წარსულში რუსეთის სამხედრო ტექნიკის გადაზიდვისთვის იყენებდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა ტვირთი გადაჰქონდა მას თავდასხმის დროს.
ინციდენტის შემდეგ ფინეთმა აღმოსავლეთ ფინეთის ყურის საჰაერო და საზღვაო სივრცეში დროებითი შეზღუდვები დააწესა და მომხდარის შესახებ ნატო-ელ მოკავშირეებს აცნობა.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ ომი ქვეყნის მეზობელ ტერიტორიებზეც ვრცელდება და უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლის უფლება აქვს.