ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში (IRGC) განაცხადეს, რომ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო პოზიციებზე სარაკეტო და დრონებით კომბინირებული იერიში მიიტანეს. სამეფოში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინაა განთავსებული.
ამასთან, ბაჰრეინმა განაცხადა, რომ ირანის დარტყმის სამიზნე სამოქალაქო სამრეწველო ობიექტი გახდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა
Reuters-ის ცნობით, ეს ინციდენტები რეგიონში სამხედრო დაპირისპირების მორიგი გამწვავებაა. მას შემდეგ, რაც თებერვალში აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანეს, სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოებიც კონფლიქტში აღმოჩნდნენ და რეგიონში ირანის არაერთი თავდასხმა განხორციელდა.
ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამოქალაქო თავდაცვის დანაყოფები სამრეწველო ობიექტზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდნენ.
მოგვიანებით ბაჰრეინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის საჰაერო თავდასხმების რამდენიმე ტალღა მოიგერიეს. უწყების ცნობით, ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევებმა მატერიალური ზიანი გამოიწვია, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.
ბაჰრეინის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნეს, რომ თეირანი ქვეყნის მიმართ „სისტემატურ მტრულ პოლიტიკას“ აგრძელებს.
თავის მხრივ, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აღნიშნა, რომ მისმა საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა ალ-რიფასა და ავალის ბაზებზე განთავსებულ ამერიკულ პოზიციებზე სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით კომბინირებული დარტყმა განახორციელეს.
IRGC-ის განცხადებით, თავდასხმა „მიმდინარე აგრესიისა და ირანის საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევის“ საპასუხოდ განხორციელდა.