ტექნიკურ დონეზე გვაქვს კომუნიკაცია ოპოზიციასთან, ქარტიის ფორმატში ვთანამშრომლობთ პრეზიდენტთან. ვცვლით ინფორმაციას, მათ შორის, მტკიცებულებებს ყველასთან. ასევე გვაქვს ჩვენი გეგმა, რაც არ არის დამოკიდებული სხვაზე, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურს ჰკითხეს,, რატომ არ ესწრებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები სამი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრას და რატომ არ იყვნენ ოპოზიციის ბრიფინგზე.
„ბრიფინგზე ყოფნა თვითმიზანი ხომ არ არის. მთავარია, ვართ ტექნიკურ პროცესში, ტექნიკურ დონეზე გვაქვს კომუნიკაცია ოპოზიციასთან. ქარტიის ფორმატში ვთანამშრომლობთ პრეზიდენტთან. ვცვლით ინფორმაციას, მათ შორის, მტკიცებულებებს ყველასთან. დღესაც მტკიცებულებებზე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა წარმომადგენელმა. ვთანამშრომლობთ უცხოელ პარტნიორებთან ცალკეც და ქარტიის ფორმატშიც. ასევე გვაქვს ჩვენი პროცესი და გეგმა, რაც არ არის დამოკიდებული სხვაზე. ჩვენი პროცესი საერთო საქმეს აძლიერებს. მთავარი ეს არის“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ასევე ბუჩუკურის თქმით, გახარიას გუნდი აქციებში მიიღებს მონაწილოებას და იდგება ხალხის გვერდით.
სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ დღეს შეხვედრა გამართა, რომელსაც „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ორშაბათს, 19 საათზე შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე და სამოქმედო გეგმას წარადგენენ.