საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები 2010 წლის 11 თებერვალს თბილისის 54-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე მოსწავლეებს იმ ერთობლივი კამპანიის შესახებ ესაუბრა, რომელიც საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით წამოიწყეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრას 54-ე საჯაროს სკოლის მოსწავლეებთან პროკურატურის წარმომადგენლების გარდა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძეც დაესწრო.
მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საჯარო სკოლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთი რომელიმე უწყების პრეროგატივა არ არის და ის კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. პროცესში, სამართალდამცველებისა და პედაგოგების გარდა, აუცილებლად უნდა იყოს ჩართული თითოეული მოსწავლე.
ამ მიზნით პროკურატურა დღეიდან პლაკატების კონკურსს აცხადებს, ცივი იარაღის ტარების წინააღმდეგ საუკეთესო პლაკატის ავტორი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდება. იგივე თემაზე უკვე გამოცხადებულია კონკურსი საუკეთესო დევიზის გამოსავლენად.
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანია 1 თებერვალს დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს პროკურატურამ 2010 წელი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის წლად გამოაცხადა, პროკურორები პერმანენტულად ჩაატარებენ სამართლებრივ თემებზე სკოლებში გაკვეთილებს, გაიმართება სპორტული შეჯიბრებები, კონკურსები, აქციები.