"ბოლო 8 წელია ის აქტიურ პოლიტიკაშია, ერთ-ერთი წარმატებული ლიდერი, პოლიტიკური მოღვაწე და პარლამენტის წევრია," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას "ღამის კურიერში" განაცხადა.
"რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილს, მე მგონი ოპონენტების რეაქცია ყველაზე კარგი დასტურია იმისი, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. ვნახეთ, მათი პანიკური რეაქციები ამ გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გასაგებია, რომ ჩვენ "ნაცმოძრაობის" და მისი სატელიტების მოსაწონი კანდიდატი არც გვეყოლებოდა და არც უნდა გვყოლოდა. მათი რეაქცია დასტურია იმისა, რომ ზუსტად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და მიზანში გავარტყით იმ მხრივ, რომ ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს წინა სამ პრეზიდენტს არ ჰქონდა, ეს არის ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება.
მიხეილ ყაველაშვილს რაც შეეხება, ერთის მხრივ არის, მისი წარმატებული სპორტული კარიერა, და მეორეს მხრივ, მისი წარმატებული პოლიტიკური კარიერა. ბოლო 8 წელია ის აქტიურ პოლიტიკაშია, ერთ-ერთი წარმატებული ლიდერი, პოლიტიკური მოღვაწე და პარლამენტის წევრია. მანამდეც, ის ბოლო 20 წელია, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო იმ რეჟიმის მოწინააღმდეგე, იბრძოდა იმ რეჟიმის წინააღმდეგ და შემდეგ, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, ის აკეთებდა ყველაფერს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ნაცობა," როგორც იდეოლოგია აღარასდროს მობრუნებულიყო ამ ქვეყანაში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.