პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი რუსეთის გენპროკურატურის მიერ საქართველოს სს მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოებაში მიღების ფაქტს "აბსურდის თეატრს" უწოდებს. დარჩიაშვილის განცხადებით, რუსეთის გენპროკურატურის ეს გადაწყვეტილება იმდენად აბსურდულია, რომ იურიდიული თუ სამართლებრივი ანალიზის გაკეთებაც კი შეუძლებელია.
საუბარია იმ ფაქტზე, რომ ევრაზიის ახალგაზრდულმა კავშირმა მიიღო ოფიციალური შეტყობინება რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტიდან იმასთან დაკავშირებით, რომ გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებული მოთხოვნა წარმოებაშია მიღბეული. საქმის აღძვრას კი ითხოვენ ვაშაძის საქართველოს სს მინისტრად ყოფნისას გაკეთებულ განცხადებებზე. ასევე საუბარია იმაზე, რომ ვაშაზე ახორციელებდა სხვადასხვა ქმედებას, რომლებიც წარმოშობს დანაშაულის შემადგენლობას რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 282 მუხლის პირველი ნაწილით. ამ ბრალდებას დარჩიაშვილი აბსურდულად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ ამას სერიოზულად არც ერთი ქვეყნის არც ერთი პოლიტიკური ძალა არ აღიქვამს.
"აღნიშნული საქმის წარმოებაში მიღებით გენპროკურატურამ თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენა და გამორიცხული არც არის, მას რუსეთის ხელისუფლება გაემიჯნოს", - აცხადებს დარჩიაშვილი და იმედოვნებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის პოლიტიკური წრეები სათანადო რეაგირებას მოახდენენ.