ვენეციის კომისიის წარმომადგენლობითი დელეგაცია თბილისში რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩამოვა.
ამის მიზეზი ძლიერი ნისლია, რის გამოც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თვითმფრინავების მიღებას ვერ ახერხებს.
ბოინგი, რომლითაც ვენეციის კომისიის წევრები დედაქალაქში დღეს, გამთენიისას უნდა ჩამოსულიყვნენ, ტრაპზონში დაჯდა.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი ნისლის გამო ვერ შესრულდა სტამბულის, რიგის, მიუნხენის, პრაღის ლონდონის და მისნკის რეისები.
რაც შეეხება ვენეციის კომისიის წევრთა დელეგაციას, ისინი თბილისში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მოწვევით მოემგზავრებიან.
დელეგაციას ვენეციის კომისიის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს. პრეზიდენტის რანგში ეს საზღვარგარეთ მისი პირველი ვიზიტია.
ვენეციის კომისიის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვლენ და კონსტიტუციური რეფორმის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნობიან.