ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატოს მოკავშირეების პოზიცია საქართველოს ორგანიზაციაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
საქართველოსადმი ნატოს მხარდაჭერაზე აპატურაიმ ამჯერად მოსკოვში, სააგენტო "რია ნოვოსტის" ოფისში გამართული ტელეხიდის მიმდინარეობისას ისაუბრა.
"ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობების გადაწყვეტილება, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ ძალაში რჩება. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, როცა ყველა საჭირო სტანდარტს დააკამყოფილებს. მანამდე კი, ბევრი რეფორმის გატარებაა საჭირო", - განაცხადა აპატურაიმ.
ამასთან, მას ტელეხიდის მიმდინარეობისას შეკითხვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებითაც დაუსვეს, რაზეც ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ ალიანსი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ ცნობს.
"ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და არ აღიარებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად", - განმარტა მან.