"ეკონომიკური პრობლემების ცენტრი" ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობის" მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტების გამჭვირვალობაზე გამოთქმულ შენიშვნებს ეთანხმება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "ეკონომიკური პრობლემების ცენტრის"დამფუძნებელი, ექსპერტი დავით ნარმანია განმარტავს, ცენტრალურ ბიუჯეტს გამჭვირვალობის კუთხით პრობლემები მართლაც აქვს, თუმცა ფინანსთა სამინისტრომ ცენტრის მიერ გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები თავის დროზე არ გაითვალისწინა.
"როდესაც „საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობა" ასეთი ტიპის კვლევას ატარებს ის არის საკმაოდ საფუძვლიანი და სიღრმისეული. კვლევა მოიცავს ძალიან ბევრ პარამეტრს, რითაც ამა თუ იმ ქვეყანაში ბიუჯეტის გამჭვირვალობა ფასდება. ამიტომ ამ კვლევის შედეგებში ეჭვის შეტანა უბრალოდ უსაფუძვლოა. ვეთანხმები იმას, რომ საქართველოს ბიუჯეტს გამჭვირვალობასთან მიმართებაში პრობლემები მართლაც აქვს. ბიუჯეტის პროექტის მზადებისას, როდესაც ბიუჯეტის პრიორიტეტების გამოკვეთა ხდება, ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობა ფაქტობრივად ნულის ტოლია. როდესაც საბიუჯეტო კოდექსი მზადდებოდა ჩვენ გარკვეული რეკომენდაციები გქვონდა, მაგრამ ფინანსთა სამინისტრომ არ გაითვალისწინა და მათ მიერ წამოყენებული არგუმენტები იყო ძალიან სუსტი"- განმარტავს ნარმანია.
ექსპერტის აზრით დღეისათვის გაურკვეველია თუ რაში იხარჯევა მხარჯავი დაწესებულებების ბიუჯეტი, რადგანაც მათ ხარჯებზე ინფორმაცია საჯარო არ ხდება.
"ბიუჯეტის არსებული ფორმატით ძნელია გაარკვიო თუ რაში ხარჯავენ ფულს მხარჯავი დაწესებულებები. მართალია ჩვენი ბიუჯეტი სავალუტო ფონდის კლასიფიკაციას ემყარება, თუმცა მასში ხარჯების გარკვევა არის ძალიან ძნელი. როცა ცდილობ ხარჯების შესახებ ინფორმაცია მოიპოვო შესაბამისი უწყებები ძალიან მწირ ინფორმაციას გაწვდიან. პრობლემა ხდება ასევე ბიუჯეტის პროგრამული დამუშავებაც, რადგანაც გამოქვეყნებული ბიუჯეტი არის ყოველთვის "პედეეფის" ფორმატში და მისი დამუშავება პრაქტიკულად შეუიძლებელია. ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ექსელის ფორმატში, რათა დაინტერესებულ ორგანიზაციებს თუ პირებს მასზე ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება შეეძლოთ", _ აცხადებს ნარმანია.
"ეკონომიკური პრობლემების ცენტრი" აცხადებს, რომ კანონმდებლობის თანახმად ბიუჯეტს კონტროლის პალატაც სწავლობს. "თუმცა კონტროლის პალატაც კი გამოთქვამს გარკვეულ შენიშვნებს ბიუჯეტის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით"- აცხადებს ნარმანია.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციამ „საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობა"სახელმწიფო ბიუჯეტების ღიაობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 85 ქვეყანას შორის საქართველომ 53 ქულა მიიღო. საქართველო ჩამორჩება კორეას, პერუს, რუსეთს, უკრაინას, მაკედონიას და ა.შ.
„საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობა" ბიუჯეტების გამჭვირვალობის კვლევას და შეფასებას 2006 წლიდან, 85 ქვეყანაში, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ახორციელებს. კითხვარი ბიუჯეტის გამჭვირვალობის თემაზე ასზე მეტი შეკითხვისგან შედგება. კითხვარს ქვეყნიდან ერთი ექსპერტი ავსებს და ორი ესქპერტი ამოწმებს. საქართველოში კითხვარს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორი თამარ ქაროსანიძე ავსებს.
კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნების 80%-ში მოქალაქეები არ იღებენ მონაწილეობას საბიუჯეტო პროცესში (ბიუჯეტის დაგეგმვა, აღსრულება, მონიტორინგი). გამოკითხული 85 ქვეყნიდან 41 ქვეყანაში ბიუჯეტზე მხოლოდ მინიმალური ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. 85 ქვეყნიდან 23 ქვეყანაში მოქალაქეებს არ აქვთ უფლება გაეცნონ ბიუჯეტს მანამ, სანამ მას პარლამენტი არ დაამტკიცებს.
„საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობა" ასკვნის, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობა უშუალო კავშირშია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხთან.