მედიის ადვოკატირების კოალიცია მხარს უჭერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნებს ბათუმის პოლიციის უფროსის ქმედების გამოძიებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შეჩერებასთან დაკავშირებით.
კოალიცია მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, უზრუნველყონ გამოძიების ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვა.
"1. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ და სრულყოფილად გამოიძიოს მედიის წარმომადგენლის, მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტი;
2. დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს საქმეზე გამოძიების დასრულებამდე;
3. გამოძიებამ უზრუნველყოს ყველა მტკიცებულების მოპოვება და დროული რეაგირება განახორციელოს აღნიშნულ ფაქტებზე.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სამართალდამცავი ორგანოს მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის მიმართ აგრესიულ ქმედებებს, მათ შორის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას", - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.