დღეს გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში საპატიმროში მყოფ ანდრო ჭიჭინაძეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ.
როგორც ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ისაუბრეს ანდრო ჭიჭინაძის მდგომარეობაზე, მის მსგავსად დაკავებულ ადამიანებზე, საპროტესტო აქციებზე, დაუსჯელ სამართალდამცავებსა და სხვა საკითხებზე.
„პირველ რიგში, მოიკითხეს ანდროს მდგომარეობა, როგორ არის მსახიობი, დღეს როდესაც ოთხ კედელში არის გამოკეტილი და შემდეგ უკვე მოისმინეს უშუალოდ დეტალები როგორც საქმესთან დაკავშირებით, ასევე პროტესტთან დაკავშირებით, იმ პროტესტთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ჭიჭინაძე. ასევე მოისმინეს მისი ვარაუდები, მოლოდინები და ახსნა იმისა, მისი აზრით, რატომ არის პატიმრობაში, იმიტომ, რომ რეალურად, ამისთვის არ არსებობს, არც სამართლებრივი ბერკეტი და არც ფაქტობრივი მოცემულობა.
მნიშვნელოვანი იყო თვითონ პროცესი, იმიტომ რომ ანდრო არის სახე იმ ათასობით ადამიანის, რომელიც რუსთაველზე, თავისუფლების მოედანზე დგას. ეს არის პროტესტის ტალღა, რომელიც იცავს ევროპულ მომავალს და გამოვთქვით ვარაუდი და მოლოდინი, რომ ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ შევხვდებით, ოღონდ ევროპაში რომლისკენაც იღვწის ქართველი ხალხი,“ – განაცხადა მიგინეიშვილმა.