ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე ბიუჯეტის გამჭვირვალობას ითხოვს და ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობის" მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტების გამჭვირვალობაზე გამოთქმულ შენიშვნებს ეთანხმება.
ექსპერტის აზრით, "საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობის" მიერ გამოქვეყნებული კვლევა ობიექტურია.
"საქართველოს ბიუჯეტი არის მართლაც ნახევრად გამჭვირვალე და მასში გარკვეული საკითხები მართლაც დასარეგულირებელია, აღარ ვსაუბრობ ბიუჯეტის ტექნიკურ და ხარჯვით დეტალებზე. ძალიან ბევრმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ ბიუჯეტთან მიმართებაში კვლევები ჩაატარა და პირველ პრობლემად ბიუჯეტის გაუმჯვირვალებლობის საკითხი დააყენა. ბიუჯეტი არის პროცესი, რომელიც ითვალისწინებს დაწერისა და შესრულების შემდგომ სამუშაოებს. ეს მთლიანი ციკლი და ის აუცილებლად გამჭვირვალე უნდა იყოს. გამჭვირვალობა უნდა იყოს, როგორც დაგეგმვისა და ანალიზის პროცესში, არამედ მონიტორინგის პროცესიც მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს"- განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ.
კალანდაძის თქმით, ბიუჯეტის დაწერის პროცესში საზოგადოება მაქსიმალურად ჩართული უნდა იყოს. "დღესათვის მოქმედი პროცედურა ასეთია, ფინანსთა სამინისტროს დაწერს პროექტს, რასაც მთავრობა განიხილავს და ამის შემდეგ მიდის ეს პროექტი პარლამენტში და მტკიცდება. საჯარო განხილვები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა წინასწარი განხილვების პროცესში ფაქტობრივად არ არსებობს. საქარ|თველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებიც საბიუჯეტო პროცესების ოპტიმალიზაციაზე, ფინანსური ბაზრების სტაბილიზაციაზე და ეკონომიკურ პრობლემატიკაზე მუშაოვბენ და ყველა ეს ორგანიზაცია ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულნი. ბიუჯეტი უნდა იყოს საჯარო მსჯელობის და საზოგადოებას შორის კონცეპტუალური შეთანხმებების მიღწევის საფუძველზე გაკეთებული პროდუქტი და არა ფორსირებულ რეჟიმში დაწერილი დოკუმენტი", _ აცხადებს ლევან კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციამ „საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობა"სახელმწიფო ბიუჯეტების ღიაობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 85 ქვეყანას შორის საქართველომ 53 ქულა მიიღო. საქართველო ჩამორჩება კორეას, პერუს, რუსეთს, უკრაინას, მაკედონიას და ა.შ.
„საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობა" ბიუჯეტების გამჭვირვალობის კვლევას და შეფასებას 2006 წლიდან, 85 ქვეყანაში, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ახორციელებს. კითხვარი ბიუჯეტის გამჭვირვალობის თემაზე ასზე მეტი შეკითხვისგან შედგება. კითხვარს ქვეყნიდან ერთი ექსპერტი ავსებს და ორი ესქპერტი ამოწმებს. საქართველოში კითხვარს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორი თამარ ქაროსანიძე ავსებს.
კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნების 80%-ში მოქალაქეები არ იღებენ მონაწილეობას საბიუჯეტო პროცესში (ბიუჯეტის დაგეგმვა, აღსრულება, მონიტორინგი). გამოკითხული 85 ქვეყნიდან 41 ქვეყანაში ბიუჯეტზე მხოლოდ მინიმალური ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. 85 ქვეყნიდან 23 ქვეყანაში მოქალაქეებს არ აქვთ უფლება გაეცნონ ბიუჯეტს მანამ, სანამ მას პარლამენტი არ დაამტკიცებს.
„საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობა" ასკვნის, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობა უშუალო კავშირშია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხთან.