ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს მხრიდან თანათავმჯდომარეთა და პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულის ბორის ჩოჩიევის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ე. წ. სამხრეთ ოსეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი.
თანათავმჯდომარეთა დელეგაციას ევროკავშირის მხრიდან თანათავმჯდომარე პიერ მორელი ხელმძღვანელობდა. ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ამჟამად რთული სიტუაციაა და მოლაპარაკებათა მეცხრე რაუნდი რთული იქნება.
"ჩვენი სამხრეთელი მეზობლები აგრძელებენ პროვოკაციების მოწყობას, ჩვენი მოქალაქეები გატაცებას და შემდგომ ყველაფერი უსაფუძვლოდ ჩვენს დადანაშაულებას. ეს იმის შედეგია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი დანაშაულებრივი ქმედებების გამო თავი დროზე ჯეროვანი პასუხი არ მიიღო საერთაშორისო საზოგადოებისგან", _ განაცხადა ჩოჩიევმა და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც ყველაფერი მკაფიოდაა ნათქვამი, მაინც არ "დაწყნარდა".
ჩოჩიევმა სტუმრებს განუცხადა, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთმა საქართველოს მისი მოქალაქეები კეთილი ნების გამოხატვის მიზნით გადასცა, საქართველოდან კი ანალოგიური პასუხი არ მიუღია და ჯერაც "გაურკვეველი რჩება საქართველოს ხელისუფლების მიერ დაკავებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ბედი".
"ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და ჟენევის მოლაპარაკებათა მეცხრე რაუნდი უფრო შედეგიანი უნდა იყოს", _ განაცხადა ჩოჩიევმა.