პაატა ბურჭულაძის ფონდმა "იავნანამ" ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად მსოფლიო ვარსკვლავების გალაკონცერტი გამართა.
გალაკონცერტზე ცნობილ ქართველ ბანთან, პაატა ბურჭულაძესთან ერთად მაყურებლის წინაშე წარდგნენ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტენორი მარჩელო ალვარესი, აღიარებული სოპრანო, მიშელ კრაიდერი და იტალიელი ტენორი ამბროჯიო მაესტრი.
როგორც კონცერტის მსვლელობისას პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, მარჩელო ალვარესს დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მხოლოდ დღევახევარი ჰქონდა თავისუფალი, თუმცა მან უარი არ თქვა საქართველოში ჩამოსვლაზე.
კონცერტში მონაწილეობდა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ორკესტრი და გუნდი. ორკესტრს ზაზა აზმაიფარაშვილი დირიჟორობდა. კონცერტი ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის მეშვეობით პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.
კონცერტის მსვლელობისას ნომერზე 30-30 მაყურებლის 75 ათასი ზარი და 500 მოკლე ტექსტური შეტყობინება შევიდა.
კონცერტზე შემოსული თანხით უშაბაძეების შვიდშვილიან ოჯახს ფონდმა "იავნანამ" წალკის გამეობისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარებით ბინა შეუძინა.
კონცერტის დასასრულს "იავნანას" ოქროს რაშით დაჯილდოვდა მარჩელო ალვარესი, ზაზა აზმაიფარაშვილი და ოპერის გენერალური დირექტორი, დავით საყვარელიძე.