საჯარო სკოლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის წარდგენის ვადები დაუდგინდებათ. ამასთან დაკავშირებით უკვე მომზადებულია სათანადო კანონპროექტი, რომლის თანახმად ცვლილება შევა `ზოგადი განათლების შესახებ" კანონში.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო სკოლები თავად განსაზღვრავენ სკოლის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს, რომელთავ იურიდიული ძალა მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე აქვს. ამის კანონპროექტის ავტორებს კი მიაჩნიათ, რომ რადგან ამ შეთანხმების ვადები დადგენილი არ არის, ხშირ შემთხვევაში საჯარო სკოლები ხელფასის გაცემას ახალი საშტატო განრიგით, ვერ ახერხებენ ხოლმე.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი, კანონპროექტით დგინდება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 30 დღის ვადაში ითანხმებს ან მოტივირებული შენიშვნით უკან აბრუნებს საჯარო სკოლის მიერ წარდგენილ საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს.
ხოლო, თუ სამინისტრომ ამ ვადაში არ შეითანხმა და ან უკან არ დააბრუნა, საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი ავტომატურად შეთანხმებულად ჩაითვლება.