გავლენიანი გაზეთი "El Pais" აქვეყნებს სტატიას, სათაურით "აფხაზეთი კრემლისგან გასათავისუფლებლად მოკავშირეებს ეძებს".
"აფხაზეთს სურს, რომ რუსეთმა იგი დაიცვას და არა დაახრჩოს: ამოცანა ძალიან დელიკატურია, იმის გათვალისწინებით, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არსებობის საკითხი პირდაპირ და მთლიანად მოსკოვზეა დამოკიდებული", _ წერს და აღნიშნავს, რომ რუსული ჯარი და რუსული სამხედრო ხომალდები აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარს იცავენ. ისინი უზრუნველყოფენ იმ რუსი ტურისტების უსაფრთხოებას, რომლებიც ამ რეგიონს სტუმრობენ, "სადაც დღემდე აღესრულება ბუნების თაყვანისცემისა და ცხოველების მხვერპლად შეწირვის წარმართული რიტუალები".
"ტურიზმს აქ "საშინაო"კოლორიტი აქვს, აქ ყვავის სპეკულაცია. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელებს არ აქვთ უფლება აქ უძრავი ქონების შეძენისა, მდიდარი რუსები სხვადასხვა მაქინაციას მიმართავენ და მაინც ყიდულობენ სახლებს, რომლებიც ქართველებმა და აფხაზეთიდან გამოდევნილმა სხვა მოქალაქეებმა მიატოვეს", _ წერს გაზეთი.
სტატიის მიხედვით, სამხედრო ხელშეკრულებები, რომლებიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის არის გაფორმებული, მთლიანობაში ეჭვებს იწვევს აფხაზეთის პრორუსულად განწყობილ პოლიტიკურ კლასში. საქმე ისაა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებას ხელი არ მიუწვდება რუსულ გარნიზონებზე, რუსი სამხედროები არ ემორჩილებიან აფხაზურ კანონებს, თუმცა მათ საცხოვრებელი ფართის პრივატიზების უფლება აქვთ.
"დეკემბერში აფხაზეთში ჩატარებულმა არჩევნებმა პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის პოზიციები გაამყარა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევები იყო, რუსეთს შეუძლია შეშურდეს აფხაზეთში არსებული დემოკრატიის დონისა, რომლის განვითარებასაც კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები და ადგილობრივი ინტელექტუალების ღია დებატები უწყობს ხელს", _ წერს სტატიის ავტორი პილარ ბონეტი და აღნიშნავს, რომ აფხაზეთში დიდი უთანხმოება გამოიწვია ბაღაფშის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ აფხაზური რკინიგზის რეაბილიტაციაში რუსეთის რკინიგზის ჩართვის შესახებ. აფხაზური ოპოზიციის აზრით, ეს რუსეთისთვის აფხაზეთის მთელი სანაპიროს ჩუქებას ნიშნავს.
აფხაზეთი მრავალპოლარულ პოლიტიკას ატარებს და არ სურს რუსეთის ბატონობა. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბას თქმით, აფხაზეთის პრიორიტეტია _ "მიიტანოს თავისი პოლიტიკა ევროპამდე, მაგრამ ევროპელებმა არ იციან, როგორ უნდა მოექცნენ აფხაზეთს. ისინი ფიქრობენ, რომ თუ რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, მათ ეს არ უნდა გააკეთონ. რუსეთში ზოგ წრეებში იტოვებენ იმედს, რომ მათ შევუერთდებით და ამიტომაც სურთ, რომ სხვა შესაძლებლობები არ გვქონდეს", _ აცხადებს შამბა.
"აფხაზებს ეამაყებათ თავიანთი ფესვები თუმცა მდგმარეობა, რომელშიც ისინი ამჟამად ცხოვრობენ, არ შეესაბამება სახელმწიფოს მუშაობასა და შენებას.
"დღეისათვის აფხაზური ენა გადაშენების საფრთხის ქვეშაა, იმის გამო, რომ რუსულ ენას კონკურენციას ვერ უწევს", _ მოჰყავს გაზეთს პრეზიდენტის მრჩევლის, ლინგვისტ ვიაჩესლავ ჩიკირბას სიტყვები. ჩიკირბა აღნიშნავს, რომ "აფხაზური საზოაგდოება ეროვნული ენის თვითმკვლელობას სჩადის.
"თუ ვერ შევინარჩუნებთ ენას, რად გვინდა დამოუკიდებლობა?!" _ ჩიკირბას ამ სიტყვებით ამთავრებს სტატიას ავტორი.