საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე თავდასხმას.
"მივმართავ პირველ რიგში ჩვენს საზოგადოებას, რომელიც დღეს ალბათ არის ძალიან აღელვებული იმის გამო, რაც ხდება ქვეყანაში, ფაქტია, ახალი წლების მერე დაწყებულია ახალი ტალღა რეპრესიების, დაჭერების, დაშინების, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რომ გააჩეროს ის პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება.
ჩვენ გადავედით ახალ ეტაპზე რუსული რეჟიმის, რომელიც აშკარად ხმარობს ყველა იმ საშუალებას რაც ახასიათებდა თავის დროზე და ახასიათებს დღესაც რუსულ პუტინის რეჟიმს.
ამისი ერთი მაგალითია ის, რაც მოხდა აბუ დაბიში ჩვეულებრივი მოქალაქის მიმართ დეპუტატების მხრიდან, რომლებსაც, სხვა თუ არაფერი, უნდა გააჩნდეთ თმენის ვალდებულება, მაგრამ არ ჩანს არსად ეს მოთმინება, პირიქით, არ ვიცი, ინსტრუქცია აქვთ მიღებული ამისთვის თუ ეს მათი ნებით ხდება, მაგრამ როგორც ჩანს, ეს დეპუტატები არიან პირდაპირ გამოყენებული ამ ძალადობაში, რაც არის სრულიად გაუგებარი ჩვეულებრივი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის და მხოლოდ დიქტატორულ, ავტორიტარულ, ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს.
ასევე, ის, რაც მოხდა ამ ღამეს გიორგი გახარიას მიმართ, არის სრულიად წარმოუდგენელი. მე არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები, ყველა მოქალაქეს ეხება ეს. არ შეიძლება არავის მიმართ ძალადობა, არავის მიმართ შეიძლება იმის მცდელობა, რომ საზოგადოება დააშინო და მოქალაქეები დააშინო. ეს არის მიუღებელი, ამის შესახებ ჩვენი პარტნიორებისთვისაც იქნება შეტყობინებული. ეს არ შეიძლება, დავუშვათ.
ისე დაემთხვა, რომ დღეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის გაფიცვა და სწორედ ეს გაფიცვა უნდა იყოს მაჩვენებელი, რომ საზოგადოება რომ არ დაშინდება, რომ საზოგადოება არის შემართებით, იცის, რა უნდა და იცის, რა არ უნდა, არ დათანხმდება საქართველო იმაზე, რომ გადაიქცეს რუსულ რეჟიმად ბოლომდე, ამისთვის საქართველო იბრძვის მშვიდობიანად.
მინდა, ვუთხრა ასევე ბატონ ივანიშვილს, რომ ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის პროვოცირება რაღაც უფრო მძაფრი დაპირისპირების, რომ ეს გადაიზარდოს, ან დაგვაშინოს, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, ეს არის წარმოუდგენელი. არ არსებობს ორი მხარე საქართველოში - არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები, იქნებიან ესენი დეპუტატები თუ ის კერძო ადამიანები, რომლებიც თავის თავს ნებას აძლევენ, სოციალურ ქსელში გააჟღერონ ძალადობის გზავნილები, ესენიც არიან მონაწილე იმ ძალადობრივი რეჟიმის.
ასე რომ არის რეჟიმი ერთ მხარეს, საზოგადოება მეორე მხარეს, ამ შემთხვევაში, ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს".