შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კუბა ამოიღო საერთაშორისო ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე კონგრესს აცნობა.
"ჩვენ შევაფასეთ და არ გვაქვს ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ კუბა არის ტერორიზმის მხარდამჭერი", - უთხრა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.
როგორც იუწყებიან, კუბის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიიდან ამოღება ნაწილია შეთანხმებისა, რომლის ფარგლებშიც ჰავანა ხელისუფლების მიერ დაპატიმრებულ პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს.
ვარაუდობენ, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, კუბა კვლავ დაბრუნდება ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიას. 2015 წელს კუბა ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღო პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. მის შემდეგ პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა კუბა ამ სიაში დააბრუნა.
ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის ინფორმაცია, თუ რამდენ პოლიტპატიმარს გაათავისუფლებს კუბა, თუმცა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, საუბარია 553 ადამიანზე.
გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებულ შტატებსა და კუბას შორის შეთანხმების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რომის პაპმა ფრანცისკემ.
კუბა 60 წელზე მეტია აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება. კუბის ხელისუფლება სწორედ ამ სანქციებს უკავშირებს ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს, რამაც გამოიწვია საწვავის, საკვების, მედიკამენტებისა და ელექტროენერგიის დეფიციტი.
ელექტროენერგიის გათიშვამ და სურსათზე ფასების ზრდამ გამოიწვია უპრეცედენტო ანტისამთავრობო პროტესტი დაახლოებით სამი წლის წინ. ადამიანის უფლებათა ჯგუფების ცნობით, ასობით ადამიანი დააკავეს, ზოგიერთს კი ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.
კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი აშშ-ის სანქციებს „გენოციდურს“ უწოდებს და აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, მოსალოდნელია ვითარების კიდევ უფრო გაუარესება.
ამ დროისთვის, აშშ-ის მიერ ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიაში რჩებიან ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია.