ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნის მიზნით ევროკომისიამ საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს 2 მილიონი ევრო გამოუყო. ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ კავკასიის ქვეყნები რეგულარულად და მზარდი ტემპით განიცდიან ზარალს ისეთ ბუნებრივ კატასტროფებისგან, როგორიცაა მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა და მიწისძვრა.
"აღნიშნული დახმარება გააძლიერებს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების შესაძლებლობებს, უკეთ გაუმკლავდნენ აღნიშნულ კატასტროფებს. ამ დახმარების მიზანია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლებიც გაზრდის მოსახლეობის და ინსტიტუტების მზადყოფნას და შეამცირებს რისკებს ბუნებრივი კატასტროფების შედეგების აღმოფხვრის პროცესში"- განმარტავენ ევროკომისიაში.
ამ სფეროში განხორციელებული პროექტები გააადვილებს კოორდინაციას და ცოდნის გაზიარებას როგორც სამივე ქვეყნის შიგნით, ისე რეგიონის მასშტაბით. აღნიშნული პროექტების საშუალებით, გაღრმავდება ცოდნა კატასტროფების მართვის, თრეინინგებისა და წინასწარი შეტყობინების სისტემების შესახებ, ასევე, შესაძლებელი იქნება ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირება და ისეთი პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება, როგორიცაა ევაკუაციის სცენარის გათამაშება, და სავარჯოშო მანევრები.
პროექტის ფარგლებში დაფინანსდება მცირე ზომის ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მომსახურება. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ჰუმანიტარული პროექტები განხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების, გაეროს სპეციალიზებული სააგენტოების და წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ.