დღეს, 2 იანვარს, ქართველი პოეტის, ვალერიან გაფრინდაშვილის დაბადებიდან 121 წელი შესრულდა.
ვალერიან გაფრინდაშვილი 1889 წლის 2 იანვარს ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო "ცისფერყანწელების" ერთ-ერთი ლიდერი. 1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, რედაქტორობდა ჟურნალ "მეოცნებე ნიამორებს", წლების განმავლობაში თავმჯდომარეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მთარგმნელობით სექციას და გაზეთ "ზარია ვოსტოკას" მხატვრული ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას. ლექსების წერა სტუდენტობიდან დაიწყო. წერდა რუსულ ენაზე. პირველი ქართული ლექსი 1915 წელს გამოაქვეყნა გაზეთ "მეგობარში". ლექსების პირველი კრებული 1919 წელს გამოსცა. ეს იყო ქართული სიმბოლისტური პოეზიის ყველაზე ტიპური ლექსების კრებული. 20-იანი წლების დამდეგიდან პოეტის შემოქმედებაში დაიწყო "მიწასთან დაბრუნების" ხანა, მან ახლებურად გაიაზრა პოეტური ხელოვნების პრინციპები. საგულისხმოა გაფრინდაშვილის წერილები შოთა რუსთაველზე, დავით გურამიშვილზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე. ქართულად თარგმნა ეჟენ პოტიეს, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს, ჰაინრიხ ჰაინეს, ვიქტორ ჰიუგოს, ედგარ ალან პოს, ალექსანდრე პუშკინის, მიხაილ ლერმონტოვის, ალექსანდრე ბლოკის, ვლადიმერ მაიაკოვსკის ნაწარმოებები. რუსულად თარგმნა და 1923 წელს ცალკე წიგნად გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. თბილისში გამოიცა ვალერიან გაფრინდაშვილის კრებულები: "ლექსები" (1926), "ლექსები" (1937), "რჩეული" (1956), ხოლო 1990 წელს კრებული, სადაც ლექსებთან ერთად შევიდა პოემა, თარგმანები, ესეები, წერილები მწერლის არქივიდან.
ვალერიან გაფრინდაშვილი გარდაიცვალა 1941 წლის 31 იანვარს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.