ბათუმის ევროპის მოედანი დღეს მორიგ საახალწლო კონცერტს უმასპინძლებს. ამჯერად სცენა დათო ევგენიძესა და მის ბენდს დაეთმობა.
კონცერტში მონაწილეობას ეკა კახიანი, მაია ჯაბუა და სხვა ქართველი მომღერლები მიიღებენ. საღამოს დასრულების შემდეგ შეკრებილ საზოგადოებას ევროპიდან სპეციალურად მოწვეული დიჯეები გვიან ღამემდე გაართობენ.
საახალწლო განწყობა ბათუმში განსაკუთრებით იგრძნობა. ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მთავარი კულტურული მოვლენები წელს ბათუმში ვითარდება. გუშინ ბათუმის შუაგულში ჯგუფ "შინის" კონცერტი გაიმართა. მაყურებლებსა და თაყვანისმცემლებს გერმანიიდან სპეციალურად ჩამოსულმა ქართულმა ჯგუფმა ახალი პროგრამა შესთავაზა.
ბათუმში აბაშიძის გამზირი ერთ საათით მთლიანად გადაიკეტება და სახალხო სეირნობა მოეწყობა. აჭარის ყველა რაიონი და ბათუმის ყველა რესტორანი საკუთარ კუთხეს დაიკავებს და საფირმო კერძებს წარმოადგენს. მათი დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლის შემოქმედებაც. სახალხო სეირნობა ბათუმის 6 მაისის პარკის კოლონადებთან დასრულდება, სადაც გიგანტურ აჭარულ ხაჭაპურს გამოიტანენ. 5-მეტრიანი ხაჭაპური, რომელზეც 300 კვერცხი, ერთი ტომარა ფქვილი და 40 კილოგრამი ყველი დაიხარჯა, კაფე "ბურატინო ოქროს გასაღებმა" მოამზადა.