აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ მსო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა. ორმხრივი შეხვედრები გაიმართა სენატორებთან და კონგრესმენებთან.
შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები. ისაუბრეს აგრეთვე მსო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხისადმი საქართველოს დამოკიდებულებაზე.
შეხვედრების შედეგად კიდევ ერთხელ გამოიკვეთა კონგრესში არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, დემოკრატიული განვითარებისა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მიმართ.
"საუბარი იყო ყველა იმ ორმხრივ საკითხზე, რომელიც აქტუალურია საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მათ შორის, საუბარი იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ თემატიკაზე. ამერიკული მხარე ძალიან აფასებს იმ მოქნილობას და კომპრომისს, რომლითაც ქართული მხარე მიუდგა ამ მოლაპარაკებას. საუბარი იყო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და განვითარებისთვის", -განაცხადა დავით ბაქრაძემ.
"ჩემთვის დიდი პატივია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა. მე ვიცი ის აგრესია, რომელსაც საქართველო რუსეთისგან განიცდის. ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამოსახატად პარლამენტის თავმჯდომარის გვერდით ვდგავარ და თქვენთან ერთად რუსეთის აგრესიის წინაღმდეგ სოლიდარობას ვაფიქსირებ. მადლობელი ვარ ჩვენი პარლამენტის სპიკერის, ჯონ ბეინორის, რომელიც ძალიან პრინციპულად დადგა რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ და დაიცვა ქართველი ხალხის თავისუფლება. აშშ-ში საქართველოს ბევრი მოკავშირე ჰყავს, მაგალითად, კონგრესმენები შუსტერი და შვარცი, რომლებიც საქართველოს მხარდასაჭერ რეზოლუციაზე საუბრობენ, რაც მალე მზად იქნება", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კონგრესმენმა ილეანა როს ლეჰტინენმა.
ბაქრაძემ შეხვედრა გამართა ასევე სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან უილიამ ბერნსთან; მონაწილეობა მიიღო მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელზედაც დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები განიხილეს.