აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, ჯონ კოულის, მინსკში მორიგი ვიზიტის შემდეგ, ბელარუსში 52 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ უსაფრთხოდ გადაკვეთეს ლიეტუვის საზღვარი ბელარუსიდან.
როგორც ლუკაშენკას პრესსამსახურმა აღნიშნა, გათავისუფლება მოხდა „აშშ-ის პრეზიდენტისა და სხვა სახელმწიფოების ლიდერების მოთხოვნით, კეთილი ნების ჟესტის ფარგლებში და ჰუმანურობის პრინციპებზე დაყრდნობით“.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ახლა საბოლოოდ გაირკვა, თუ რა მიიღო ლუკაშენკამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ - აშშ-მა გამოაცხადა „ბელავიას“ წინააღმდეგ სანქციების მოხსნის შესახებ და გამოთქვა სურვილი, რომ საელჩო მინსკში დააბრუნოს.
გათავისფლებულია ბელარუსი პოლიტიკოსი და 2010 წელს პრეზიდენტობის კანდიდატი, ნიკოლაი სტატკევიჩი. ის 2020 წლის მაისში დააკავეს და „მასობრივი არეულობის ორგანიზებისთვის“ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2023 წლის თებერვლიდან ნიკოლაი სტატკევიჩს ციხეში იზოლირებულად, ოჯახთან და გარე სამყაროსთან კომუნიკაციის გარეშე ამყოფებდნენ.
ასევე გათავისუფლებულებს შორისაა ბელარუსი ფილოსოფოსი ვლადიმირ მაცკევიჩი, რომელსაც 2022 წლის ივნისში ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საპროტესტო აქციების, „ექსტრემისტული ჯგუფის“ შექმნისა და „ლუკაშენკას შეურაცხყოფისთვის“.
ასევე დადასტურდა აქტივისტისა და ბლოგერის, ნიკოლაი დედოკის გათავისუფლება. ის 2020 წლის ნოემბერში დააკავეს, შემდეგ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ადმინისტრაციის „დაუმორჩილებლობის“ ბრალდებით და კოლონიიდან ციხეში გადაიყვანეს.
ასევე თავისუფალია „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი იგორ ლოსიკი, რომელსაც ბრალი წაუყენეს „მასობრივი არეულობის ორგანიზებასა“ და „სიძულვილის ან შუღლის წაქეზებაში“ და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
პატიმრობის დროს ციხეში აღმოჩნდა მისი მეუღლე დარიაც - 2023 წლის იანვარში მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო 2024 წლის 3 ივლისს შეიწყალეს.