აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საბოლოოდ უნდა გააცნობიეროს, თუ რამდენად უპერსპექტივოა ვლადიმირ პუტინთან „მეგობრული შეთანხმების მიღწევის მცდელობა, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთმა ჯერ უკრაინის მიმართულებით სულ უფრო და უფრო მეტი დრონი გაუშვა და ახლა ნატო-ს ერთ-ერთი ქვეყნის ჯერიც დადგა.
„დროა, პრეზიდენტმა ტრამპმა დაინახოს, რომ პუტინი მას დასცინის. ალასკის სამიტამდე და სერიოზულ სამშვიდობო მოლაპარაკებებამდე, რომლის იმედიც ჰქონდათ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაცვლად, პუტინი სულ უფრო და უფრო მეტ დრონს იყენებს - ჯერ უკრაინის, ახლა კი ნატო-ს წინააღმდეგ“, - განაცხადა სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სერიოზული კოორდინირებული ქმედებებს იხილავენ, რათა პრეზიდენტ პუტინმა გააცნობიეროს, რომ მის „რუსეთის იმპერიის აღორძინების ეგზოტიკურ პროექტს არანაირი შანსი არ აქვს“.
სიკორსკიმ დასძინა, რომ პოლონეთი პატივს სცემს რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზებით შეჩერების მცდელობებს და სურს, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე დამყარდეს მშვიდობა.
„მაგრამ, ჩვენი აზრით, პუტინს რეაგირება მხოლოდ მკაცრ ნაბიჯებზე ექნება. პუტინი დიდი ხანია ბოროტად იყენებს პრეზიდენტ ტრამპის კეთილგანწყობას“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, რუსული დრონებით თავდასხმის შემდეგ, პოლონეთმა უნდა იზრუნოს მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება უკრაინის გამოცდილებაზე, რათა ახალი შემთხვევების შემთხვევაში შეძლოს რუსული დრონებისთვის წინააღმდეგობის ეფექტურად გაწევა.