სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი იმყოფება, ადვოკატები შევიდნენ.
ლევან ხაბეიშვილის ადვოკატები მასთან შესვლას რამდენიმე საათი ელოდებოდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. სუს-ში აცხადებენ, რომ ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში - ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, ასევე თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას. უწყების განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, ის 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას. სუს-ის ცნობით, "ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელავამ კი, აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანაშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე".
ფოტო: IPN