ინდოეთის ჩრდილოეთ შტატ უტარ-პრადეშში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რასაც სულ მცირე 62 ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ცნობით, შტატის ხელისუფლების განცხადებით, სამდღიანი ძლიერი ნალექის შედეგად რამდენიმე რაიონი დაიტბორა. დაშავდა 46 ადამიანი, ხოლო 1 000-ზე მეტი სახლი დაზიანდა.
სტიქიის გამო ორშაბათს შტატის რამდენიმე რაიონში, მათ შორის დედაქალაქ ლაქნაუს ნაწილში, სკოლები დაიხურა. სამაშველო ჯგუფები დატბორილი ტერიტორიებიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილებში გადაყვანას აგრძელებენ. მოსახლეობას მოუწოდეს, წყლით დაფარულ გზებზე გადაადგილებას თავი აარიდონ და სწრაფად მიმდინარე მდინარეებსა და არხებს არ მიუახლოვდნენ.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ორშაბათიდან ნალექის ინტენსივობა შემცირდეს, თუმცა უტარ-პრადეშის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში წვიმა სამშაბათამდეც გაგრძელდება.
წყალდიდობამ ასევე დააზარალა ინდოეთის აღმოსავლეთ შტატი ოდიშა, სადაც ხელისუფლების ცნობით, 75 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.