საქართველოს პრეზიდენტი დღეს მომლაპარაკებელთა ჯგუფის წევრებს შეხვდა, რომლებიც რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დიალოგს აწარმოებენ. ჟენევაში სამუშაო ჯგუფის გამგზავრებამდე, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება დოკუმენტის შინაარსსა და ქართული მხარის მიერ შეთავაზებული წინადადებების მნიშვნელობაზე. პრეზიდენტის განმარტებით, ბოლო 18 წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკების მსვლელობისას, ქართული მხარე სახელმწიფო ინეტერესებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით მოქმედებდა.
„ბოლო 17-18 წლის განმავლობაში, 1992 წლის შემდეგ გვაქვს იმ ტვირთბრუნვის მონიტორინგის, გაკონტროლების პრობლემა, რომელიც კვეთს საქართველოს საზღვრებს და მოძრაობს საქართველოს შიგნით. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ამ ტვირთის გაკონტროლების სურვილი უშუალოდ ან საერთაშორისო მონიტორების მეშვეობით. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია სწორედ ამას არეგულირებს და ასეთი იყო ჩვენი წინადადებაც რუსეთისადმი. ღია აგრესიის დაწყების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გართულდა, მაგრამ თქვენი ერთობლივი ძალისხმევისა და მოლაპარაკებების ძალზე რთული პროცესის შედეგად, ამ პოზიციას ისევ დავუბრუნდით - საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ უნდა განხორციელდეს ყველა იმ ტვირთის მონიტორინგი, რომელიც საქართველოს მიმართულებით და საქართველოს შიგნით მოძრაობს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და მადლობა გადაუხადა მომლაპარაკებელთა ჯგუფის ქართველ წევრებს და შეიცარიას, როგორც შუამავალ მხარეს.
„მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ყოველივე ამას უახლოეს დღეებში ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ, რადგან ამ შემთხვევაში დრო ძალზე შეზღუდულია. რამდენიმე დღეა დარჩენილი, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს შვეიცარიელ პარტნიორებს, რადგან ძალზე კონსტრუქციულად წარიმართა მუშაობა, განსაკუთრებით, ბოლო ეტაპზე. ახლა ჯერი რუსეთზეა. მათ ამ გადაწყვეტილების მიღება ამ საბუთის სახით უკვე მოუწევთ. ვფიქრობ, მოლაპარაკების პროცესის მთელი პერიოდის განმავლობაში ჩვენი ნაციონალური ინტერესებითა და საერთაშორისო სამართლის უკლებლივ ყველა პრინციპის დაცვით ვხელმძღვანელობდით. სწორედ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე და პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი თამარ კოვზირიძე ესწრებოდნენ.
მოლაპარაკების ბოლო რაუნდი ჟენევაში 9-10 ნოემბერს არის ჩანიშნული. მხარეების შეთანხმების შემთხვევაში რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხს 153 ქვეყანა მინისტერიალზე 15 დეკემბერს განიხილავს.