ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გაზეთ "რეზონანსს" წერილობითი კომენტარის დამახინჯებაში ადანაშაულებს და განცხადებას ავრცელებს.
გთავაზობთ განცხადებას უცვლელად.
"ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებსა და ობიექტურ იმიჯს ამოფარებულმა „რეზონანმა" სამინისტროს მიერ გაგზავნილი ოფიციალური წერილობითი კომენტარი ამოჭრა და ამით სტატიის კონტექსტი დაამახინჯა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ან არაკომპეტენტურობა, ან ტენდენციურობა, თუმცა, გაზეთს და მის მესვეურებს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე აქვთ პრეტენზია. გაზეთი წყაროდ და კომენტატორად იყენებს ირაკლი ციკოლიას, რომელიც 2008 წლამდე წალენჯიხის რაიონში, სოფელ ფახულანში ცხოვრობდა, 2008 წელს ისარგებლა ქვეყანაში არსებული მდგომარეობით და 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული ხალხის სახელს ამოფარებული უკანონოდ შეიჭრა თბილისში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღში.
დროებით საცხოვრებლებში მაცხოვრებელი ადამიანების განსახლების პირველი ეტაპი განხორციელდა წეროვანსა და მსგავს 38 დასახლებაში 2009 წელს, მეორე ეტაპი განხორციელდა 2010 წელს ფოთში, ქობულეთში, ჩაქვში, ლაგოდეხსა და თეთრიწყაროში, ხოლო მესამე ეტაპი განხორციელდა 2011 წელს თეთრიწყარში, ბაკურციხეში, აბაშაში, ზუგდიდში, წალენჯიხაში. ეს ადამიანები დროებით იყვნენ თბილისში და შემდეგ რეგიონებში გარემონტებული ფართები გადაეცათ საკუთრებაში. უნდა გავიხსენოთ, რომ დროებით თავშესაფრებში (მაგ. გამომცემლობა „სამშობლო", ე.წ. „ზაკვო", ისნის ჰოსპიტალი) ისინი გაუსაძლის და საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ, სადაც არც კანალიზაცია იყო, არც სასმელი წყალი და არც მოწესრიგებული ელექტრო სისტემა და კარ-ფანჯარა. ზუსტად ამ პირობებზე წერდა თავის დროზე სხვადასხვა მედია საშუალება, რომ ეს გაუსაძლისი მდგომარეობა უნდა დასრულებულიყო.
ვინაიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა და მსგავს არაკომპეტენტურობას გაზეთის მხრიდან ბევრჯერ ჰქონია ადგილი, სამინისტროს პრესსამსახური იძულებული ხდება, რომ მომავალში თავი შეიკავოს კომენტარისაგან, თუმცა არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ სამინისტროს სახელით გაზეთს თავად გაუკეთებია კომენტარი"