"ევრობარომეტრის" კვლევის მიხედვით, ყველა აუცილებელი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მოსახლეობის 46%-ია, წინააღმდეგი კი 43%. ინფორმაცია ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ "ევრობარომეტრის" კვლევის ანგარიშშია მოცემული.
კვლევაში მოცემულია თითოეულ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შვედეთში დაფიქსირდა:
შვედეთი - 71%; ლიეტუვაში – 62%; ლატვიაში – 62%; დანიაში – 61%; კვიპროსში – 58%; ხორვატიაში – 57%; სლოვაკეთში – 57%; უნგრეთში – 57%; ესპანეთში – 56%; საბერძნეთში – 54%; ნიდერლანდებში 52%; პორტუგალიაში – 51%.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე ავსტრიაში, ჩეხეთში, გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში ჰყავს:
ავსტრიაში გამოკითხულთა 64%-ია წინააღმდეგი, ხოლო 29% მომხრე.
ჩეხეთში წინააღმდეგია 61%, მომხრე 29%;
გერმანიაში წინააღმდეგია 53%, მომხრე 37%;
იტალიაში წინააღმდეგია 49%, მომხრე 45%;
საფრანგეთში კი წინააღმდეგია 48%, მომხრე 36%.
სულ, გაფართოების მომხრე ევროკავშირის მოსახლეობის 56%-ია. გამოკითხულთა შორის, 15-დან 39 წლამდე ასაკის ადამიანების ორი მესამედი თვლის, რომ (პოტენციური) კანდიდატები ევროკავშირში მას შემდეგ უნდა გაწევრიანდნენ, როდესაც ისინი საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.
ასევე, გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამოკითხვა კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებშიც ჩატარდა. საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 74% უჭერს მხარს, ალბანეთში 91%, ჩრდილოეთ მაკედონიაში 69%, სერბეთში 33%, უკრაინაში კი 68%.
კვლევა, დღეს, კოპენჰაგენში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში გამოქვეყნდა, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხი განიხილებოდა.