ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ყველა ევროპულ ქვეყანას. მან აღნიშნა, რომ რუსულ რაკეტას ჰააგამდე რამდენიმე წუთში შეუძლია მიაღწიოს.
The Guardian-ის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ეს განცხადება ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც ის ვიზიტით იმყოფება.
რუტემ ასევე ახსენა ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავთან დაკავშირებული ბოლო ინციდენტი, რა დროსაც, მისი თვითმფრინავი ბულგარეთის აეროპორტში ქაღალდის რუკების გამოყენებით დაეშვა, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან ჩარევის გამო აეროპორტის ტერიტორიაზე GPS სისტემა გაითიშა
„მე ყოველთვის მძულდა სიტყვა „ჰიბრიდი“, რადგან ის ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ ჰიბრიდი ზუსტად ეს არის: კომერციული თვითმფრინავების მოძრაობის შეფერხება პოტენციურად კატასტროფული შედეგებით, ნატო-ს წევრ სახელმწიფოში მსხვილი მრეწველის მკვლელობის მცდელობა, თავდასხმა დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურზე. ეს არ არის პატარა, უმნიშვნელო ინციდენტები. ეს არის უზარმაზარი ინციდენტები, რომლებსაც უდიდესი გავლენა აქვთ“, - თქვა მან.
თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე საუბრისას, რუტემ განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნები ამას არა ტრამპისთვის აკეთებენ, არამედ იმიტომ, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხე ყოველდღიურად იზრდება.
„ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. ერთ დღეს ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც ლუქსემბურგს, ასევე ჩემს ქვეყანას, ნიდერლანდებს. ახლა ყველანი უსაფრთხოდ ვართ. გვგონია, რომ რუსეთიდან შორს ვართ, სინამდვილეში კი ძალიან ახლოს ვართ. და, მაგალითად, უახლესი რუსული სარაკეტო ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ფრონტის ხაზზე ლიეტუვასა და ლუქსემბურგს, ჰააგას ან მადრიდს შორის სხვაობა 5-10 წუთია. ზუსტად ამდენი დრო სჭირდება ამ რაკეტას ევროპის ამ ნაწილებამდე მისასვლელად“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მან დასძინა, რომ ყველა ევროპული ქვეყანა რუსეთის მხრიდან პირდაპირი საფრთხის ქვეშაა: „ჩვენ ახლა ყველანი აღმოსავლეთ ფლანგზე ვართ, ლონდონში ცხოვრობთ თუ ტალინში... არ აქვს მნიშვნელობა,“ - განაცხადა რუტემ.