"რუსეთთან თანამშრომლობაზე გაფორმებული მრავალი ხელშეკრულება აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებას ჩაუყრის საფუძველს, თუმცა ეს კონკურენციის ხარჯზე მოხდება", _ აცხადებს შამბა.
"საქართველოს სეპარატისტული რეგიონი აფხაზეთი, დასავლეთს მისი დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს და ამტკიცებს, რომ ის თბილისის იურისდიქციაში არასდროს დაბრუნდება, საერთაშორისო იზოლაცია კი რეგიონს სულ უფრო მეტად უბიძგებს რუსეთისკენ", _ ასე იწყება გაზეთY"ფაინეშელ თაიმსში" გამოქვეყნებული ჟურნალიტ იზაბელ გორსტის სტატია სახელწოდებით "აფხაზეთი დასავლეთს მისი დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს".
"აჯანყებული რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამო დაწყებული საქართველო-რუსეთის ხანმოკლე ომის წლისთავის მოახლოვებასთან ერთად, აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა "ფაინეშელ თაიმსს" განუცხადა, რომ მისი მთავრობის მთავარი მიზანი "დამოუკიდებელი სახელმწიფოს" შექმნაში მდგომარეობდა", _ წერს სტატიის ავტორი და დასძენს: "ბატონი ბაღაფში საქართველოსთან რეინტეგრაციის შესაძლებლობას გამორიცხავს. "ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ეს თემა ყველამ უნდა დაივიწყოს - საქართველომაც, დასავლეთმაც და ყველა სხვა დანარჩენმაც", _ მოჰყავს მას ბაღაფშის სიტყვები.
ამის შემდეგ ავტორი წერს, რომ რუსეთი აფხაზეთში სამხედრო ბაზის განთავსებითა და ომის შემდეგ მისი საზღვრების კონტროლით, სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ პლაცდარმს იძენს. მას სერიოზული გავლენა აქვს აფხაზეთის ეკონომიკაზედაც: აკონტროლებს მის რკინიგზას, აეროპორტს და აფხაზეთის შავი ზღვის ნავთობის მოპოვებაზედაც უფლებები აქვს.
ბაღაფში რუსეთის აქტიურ და სულ უფრო მზარდ ყოფნას აფხაზეთში კი გაზეთთან საუბარში ასე ამართლებს: "არც ერთი სხვა ქვეყანა ჩვენით არაა დაინტერესებული". ის პირობას დებს, რომ დაიცავს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას.
"ჩვენ მხარს დავუჭერთ რუსეთს, მაგრამ რუსეთთან გაერთიანების საკითხი გამორიცხულია", - აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი.
მისი თქმით, აფხაზეთის გრძელვადიანი მიზანი დემილიტარიზაციაში მდგომარეობს, მაგრამ მან აღიარა, რომ ეს შეუძლებელი იქნება, ვიდრე აფხაზეთის მოქალაქეები იარაღს არ ჩააბარებენ და საქართველოს პრეტენზია ამ რეგიონზე არ დასრულდება.
სერგეი ბაღაფში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უწოდებს "ადამიანს, რომელსაც არასტაბილურობის, სისხლისა და ომის მოთხოვნილება აქვს."
ბაღაფში უცხოეთში მცხოვრები ეთნიკური აფხაზების სამშობლოში დაბრუნებას მიესალმება და მათ პასპორტებსა და თავისუფალ მიწებს სთავაზობს.
"აფხაზეთი ისეთ ქვეყნებთან ამყარებს კავშირებს, როგორებიცაა კუბა და ირანი. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ. თუკი ევროპას არ სურს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ცხოვრება ამით არ შეწყდება", - აცხადებს ბაღაფში.
მასალის გამოყენების პირობები