რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ქართული მხარის მიერ დაკავებული ოსი მოქალაქეების ცხინვალის მარიონეტული რეჟიმისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც მან სეპარატისტების მიერ გავრცელებულ შესაბამის განცხადებაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ის მთელი დღეა შეხვედრებს მართავს და ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებული არ არის.
"ჩემთვის უცნობია ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლების სანაცვლოდ მართლა ჩაიყვანა თუ არა ბატონმა ჰამარბერგმა ქართული მხარის მიერ დაკავებული ოსი მოქალაქეები ცხინვალში. ჩვენი პოზიციაა და ეს არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ არ გვჭირდება არც ერთი ოსი, თუ იგი კრიმინალი არ არის. ასევე უნდა მოიქცეს ოსური მხარეც", - განუცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ოსური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისმა ომის შემდეგ სხვადასხვა დროს დაკავებული 5 ოსი გაათავისუფლა, რომლებიც ცხინვალში თომას ჰამერბერგმა ჩაიყვანა.