შეერთებულმა შტატებმა უნდა განაახლოს უკრაინის სამხედრო დახმარება რაც შეიძლება მალე და შეინარჩუნოს იგი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტამდე, რადგან უკრაინის დაცემას უფრო უარესი შედეგები მოჰყვება, ვიდრე 2021 წელს ავღანეთში პროდასავლური ხელისუფლების დაცემას მოჰყვა.
ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
პოლიტიკოსმა გამოთქვა შეშფოთება უკრაინაში ამერიკული იარაღისა და სადაზვერვო ინფორმაციების მიწოდების შეწყვეტის გამო ზელენსკის ტრამპთან დაპირისპირების შემდეგ.
„ეს ავღანეთზე უარესი იქნება. არ მგონია, პრეზიდენტ ტრამპს ამის სურვილი ჰქონდეს. სანამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდება, მე მივცემდი უკრაინას იმას, რაც მას სჭირდება დაზვერვისა და იარაღის თვალსაზრისით, რომ დაიცვას თავი“, - განაცხადა გრემმა.
ამასთან, სენატორმა განაცხადა, რომ რუსეთის საბანკო სისტემისა და ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები იქნება შემოღებული მომავალ კვირას, რათა რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აიძულონ.
"თუ ისინი არ ჩაერთვებიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში ადმინისტრაციასთან, ჩვენ მათ მაქსიმალური სანქციები უნდა დავუწესოთ და შესაბამისი კანონპროექტი მექნება ამის გასაკეთებლად მომდევნო კვირას". - დაამატა რესპუბლიკელმა სენატორმა.
"იარაღით მიწოდების გარეშე, ამ მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება. კონფლიქტი ვერ მოგვარდება, ვიდრე უკრაინას არ მიეწოდება სადაზვერვო ცნობები და რესურსები, რათა დაიცვას თავი, სანამ ბრძოლა გრძელდება.
იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას ჩვენ მივიღებთ მკაფიო ხედვას უკრაინისგან იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ომის დასასრული და დავიწყებთ მუშაობას მის დასამთავრებლად“, - თქვა გრემმა.